თბილისი, 5 თებერვალი — Sputnik. აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი 2017 წელს განაგრძობს ხარისხის ნიშნის „რეკომენდებულია ტურიზმის დეპარტამენტის მიერ“ მინიჭებას, პროექტში მონაწილეობის მსურველთა განაცხადების მიღება გაზაფხულზე დაიწყება.
აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტმა ხარისხის ნიშნის მინიჭების პროექტი 2016 წელს წამოიწყო და ამ დროისათვის რეგიონში ამ ნიშნის მფლობელი 62 ტურისტული ობიექტია.
პროექტში მონაწილეობა ნებაყოფლობითია.
„პროექტი „რეკომენდებულია ტურიზმის დეპარტამენტის მიერ“ თავისი შინაარსით წარმოადგენს შეთავაზებას რეგიონში არსებული კვებისა და განთავსების ობიექტებისთვის, რათა მათ გააუმჯობესონ მომსახურების ხარისხი, დაიცვან და შეასრულონ გარკვეული კრიტერიუმები ძირითადი ევროპული სტანდარტების დასამკვიდრებლად“, — განმარტებულია აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის ვებგვერდზე.
მიუხედავად იმისა, რომ გასულ წელს პროექტში მონაწილეობისთვის 106 ობიექტი დარეგისტრირდა, კრიტერიუმების დაკმაყოფილება მხოლოდ მათმა ნაწილმა შეძლო.
დეპარტამენტის მონიტორინგის ჯგუფი ამოწმებს უსაფრთხოების, სისუფთავის, ჰიგიენისა და მომსახურების მინიმალური სტანდარტების შესაბამისობას საერთაშორისო კრიტერიუმებთან. ეს კრიტერიუმები HotRec და Hot Star union-ის 21 პრინციპზეა დაფუძნებული, რომლებიც მთელ მსოფლიოშია აპრობირებული და მორგებულია ქართულ რეალობას.