ნატა პატარაია
საქართველო უცხოურ ინვესტიციებზე დამოკიდებული არ უნდა იყოს, მიაჩნია ეკონონომისტ სოსო სიმონიშვილს, რომელიც ამ და სხვა პრობლემებზე „Sputnik-საქართველოსთან“ საუბრობს.
„სახელმწიფომ უნდა აიღოს უცხოური კრედიტები და ქვეყნის შიგნით წარმოება თვითონვე დააფინანსოს. მთავრობამ რომ გასცეს ძალიან იაფიანი კრედიტები, ეს სრულიად რეალურია და ამას ბევრი სახელმწიფო აკეთებს. ჩვენ არ უნდა ვიყოთ დამოკიდებული უცხოურ ინვესტიციებზე, რადგან ეს ღუპავს ჩვენნაირ პატარა ქვეყანას“, — განაცხადა სიმონიშვილმა.
ეკონომისტის თქმით, ნებისმიერი უცხოელი ბიზნესმენი, რომელიც საქართველოში ინვესტიციის ჩასადებად ჩამოდის, მიღებულ მოგებას საქართველოში არ დატოვებს.
„თქვენ რომ სადმე ინვესტიციის ჩადებას აპირებდეთ, რას იფიქრებთ? იფიქრებთ ერთ მილიონს ჩავდებ და 10 მილიონს ამოვიღებ, მაგალითად, 5 წელიწადშიო. ეს იმას ნიშნავს, რომ ნებისმიერი უცხოელი ინვესტორი, რომელიც საქართველოში ინვესტიციის ჩასადებად ჩამოდის, ანალოგიურად ფიქრობს“, — აღნიშნა სიმონიშვილმა.
საქართველოსთან თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმება ჩინეთში 2016 წლის მნიშვნელოვან მოვლენების ჩამონათვალში მოხვდა. ამჟამად საქართველოს მთავრობა მოლაპარაკებებს აწარმოებს თავისუფალ ვაჭრობაზე ჩინეთის ადმინისტრაციულ ერთეულ ჰონგ-კონგთანაც. ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების ხელმოწერიდან ზუსტად ორი წლის შემდეგ, საქართველომ თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმება ევროპის თავისუფალი ვაჭრობის ასოციაციასთან(EFTA) გააფორმა, რომელიც შვეიცარიას, ლიხტენშტაინს, ნორვეგიასა და ისლანდიას აერთიანებს.
სიმონიშვილის თქმით, ჩინელებზე ასეთი ანეკდოტიც კი არის: „ღმერთმა შექმნა სამყარო, ხოლო სხვა დანარჩენი წარმოებულია ჩინეთში“.
ჩინეთს დღეს მთელს მსოფლიოში ვერავინ გაუწევს კონკურენციას, თუ ძალიან გონივრულ ექსპორტ-იმპორტის პოლიტიკას არ აწარმოებს. მაგალითად, ჩვენი მეზობელი თურქეთი ჩინეთთან წაგებული არ არის, რადგან მას აქვს შესაბამისი ექსპორტ–იმპორტის პოლიტიკა. თურქეთში ძალიან იშვიათად შეხვდებით ჩინურ ნაწარმს. ამ ქვეყანას რომ ჰქონდეს თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმი ჩინეთთან და დაუბეგრავად შეუშვას ჩინური საქონელი, დამერწმუნეთ, რომ ის მასაც წალეკავდა თავისი მრეწველობით. ჩვენ რა მდგომარეობაში ჩავვარდებით, არავინ იცის“, — აღნიშნა სოსო სიმონიშვილმა.
ეკონომისტი დარწმუნებულია, რომ საქართველოს უმძიმესი მდგომარეობა ელის.
„ყველა ხელშეკრულება თავისუფალი ვაჭრობის შესახებ ისეთი ქვეყნისთვის, რომელსაც ჯერ სამრეწველო პოტენციალიც კი ძალიან სუსტი აქვს და თითქმის არაფერს აწარმოებს, რბილად რომ ვთქვათ, არის ძალიან წამგებიანი. იმასაც ვერ ავამუშავებთ, რა პოტენციალიც გვაქვს წარმოების გასავითარებლად“, — მიაჩნია ეკონომისტს.
სიმონიშვილის თქმით, თუ ევროპასთან და ჩინეთთან თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებების შედეგად საქართველოს ტერიტორიის გამოყენებით უცხოელები დაინტერესდებიან, საქართველოსთვის ეს, თუ კარგად დავიანგარიშებთ, წამგებიანი იქნება. ბევრად უკეთესია, თუ ქვეყანა თვითონვე მოიძიებს რესურსებს, რომ ამ ახალ ბაზარზე შიდაინვესტიციებით წარმოებული საქონლით შევიდეს.
„ჩვენ ყოველთვის გაუაზრებლად და შეუმოწმებლად ვსარგებლობთ ხოლმე იმ ეკონომიკური თეორიებით, რაც მსოფლიოში არის გავრცელებული და თუ გადავხედავთ წიგნებს, სადაც ასეთ აზრებს კითხულობენ ჩვენი ეკონომისტები, მათი დიდი ნაწილი არის დაწერილი ამერიკელების მიერ, ამერიკისთვის და ამერიკის ისტორიას ეფუძნება. მაგრამ აშშ არის უზარმაზარი ქვეყანა და ის რაც მისთვის სწორია, არ ნიშნავს რომ პატარა საქართველოსთვისაც კარგი იქნება“, — განაცხადა სიმონიშვილმა.
ეკონომისტის თქმით, როცა ამერიკაში ჩადის, მაგალითად, იაპონელი ინვესტორი, ის ამერიკელი ხდება, იქვე რჩება და მიღებულ მოგებასაც ისევ ამერიკაში აბანდებს. რაც შეეხება საქართველოს, აქ ჩამოსული ინვესტორი უცხოელად რჩება და მიღებული მოგებაც თავის ქვეყანაში გააქვს.
„თუ გადავხედავთ თანხებს, რომლებიც შემოდის ქვეყანაში და გადის, დავინახავთ, რომ საქართველო ყოველი ინვესტორისათვის დონორის როლში გამოდის“, — მიაჩნია სოსო სიმონიშვილს.
ეკონომისტის აზრით, ჩვენი ქვეყანა მხოლოდ იმ შემთვხევაში იქნება მოგებულები, თუ ყოველწლიურად შევძლებთ ახალი ინვესტიციების მოზიდვას. მაგრამ ჩვენ არც ამდენი საინვესტიციო პოტენციალი გაგვაჩნია და ბაზარიც სუსტი გვაქვს, იმიტომ რომ საქართველოს მოსახლეობა ღარიბია და დაბალი მსყიდველობითი უნარი აქვს.
საქსტატის მონაცემებით საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ 2016 წლის III კვარტალში 463 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც 4 პროცენტით ნაკლებია 2015 შესაბამისი კვარტალის მაჩვენებელზე. 2016 წლის III კვარტალში საქართველოში უმსხვილესი პირდაპირი ინვესტორი ქვეყნებიდან პირველ ადგილზეა აზერბაიჯანი 33%-ით, მეორეზე — თურქეთი 24%-ით, მესამეზე კი ლუქსემბურგი — 11%-ით.