ბათუმის თურქულ სკოლას ავტორიზაცია შეუჩერდა

© FB / Школа им. Шахина რეფაიდინ შაჰინის სახელობის სკოლა-ლიცეუმი
რეფაიდინ შაჰინის სახელობის სკოლა-ლიცეუმი - Sputnik საქართველო
გამოწერა
შაჰინის სახელობის სკოლა-ლიცეუმს მას შემდეგ შეუწყდა ავტორიზაცია, რაც განათლების ხარისხის გაუმჯობესების ეროვნულმა ცენტრმა შემოწმებისას იქ ქართული განათლების სისტემისთვის შეუსაბამო სტანდარტები აღმოაჩინა.

თბილისი, 4 თებერვალი — Sputnik. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ ავტორიზაცია შეუჩერა რეფაიდინ შაჰინის სახელობის სკოლა-ლიცეუმს ბათუმში საქართველოს განათლების სისტემის სტანდარტებთან შეუსაბამობის გამო.

აღსანიშნავია, რომ სკოლის ხელმძღვანელობა სამინისტროს გადაწყვეტილებას პოლიტიკურად მიიჩნევს.

რეფაიდინ შაჰინის სახელობის სკოლა-ლიცეუმი საზოგადოების ყურადღების ცენტრში 2016 წლის ივლისში მოექცა. მაშინ თურქეთის გენერალურმა კონსულმა საქართველოში იასინ თემისქანმა განაცხადა, რომ ამ და სხვა თურქულ სკოლებს სამხედრო გადატრიალების მოწყობის მცდელობაში ეჭვმიტანილი ფეთჰულა გიულენის ფონდი აფინანსებს. სკოლებში ეს ინფორმაცია უარყვეს.

შაჰინის სახელობის სკოლა-ლიცეუმს მას შემდეგ შეუწყდა ავტორიზაცია, რაც განათლების ხარისხის გაუმჯობესების ეროვნულმა ცენტრმა შემოწმებისას იქ ქართული განათლების სისტემისთვის შეუსაბამო სტანდარტები აღმოაჩინა.

„ეს სკოლა ავტორიზებული იყო. ჩატარდა სკოლის გეგმიური მონიტორინგი და გამოვლინდა სერიოზული დარღვევები, მათ შორის, მოსწავლეების ჩარიცხვასთან დაკავშირებული პრობლემები. გუშინ ავტორიზაციის საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება და სკოლას გაკვეთილების ჩატარების უფლება შეუჩერდა. მოსწავლეებს სხვა სკოლებში გადაანაწილებენ“, — განაცხადა ცენტრის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა დავით კობახიძემ „აჭარის ტელევიზიის“ ეთერში.

სკოლა-ლიცეუმის დირექტორი ელგუჯა დავითაძე კი ირწმუნება, რომ მთელი საქმე თურქულ სექტორშია.

„ჩვენ ავტორიზაციის საბჭოსთან ერთად მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ თურქული სექტორის გაუქმება ეტაპობრივად მოხდებოდა. ბავშვები თურქული სექტორიდან ქართულზე უნდა გადაგვეყვანა, გაგვეხსნა პარალელური კლასები, ხოლო თურქულ კლასებში ქართული ენის გაძლიერებული სწავლება უნდა დაწყებულიყო… ჩვენ ეს ყველაფერი მივიღეთ ავტორიზაციის საბჭოსთან შეთანხმებით, მაგრამ ახლა გვეუბნებიან, რომ ასე არ უნდა გაგვეკეთებინა და ყველაფერი სხვაგვარად უნდა განგვეხორციელებინა“, — განაცხადა დავითაძემ.

ბათუმის საზაფხულო თეატრი - Sputnik საქართველო
ბათუმში გახსნილი თურქული სკოლა სკანდალის ცენტრში აღმოჩნდა

მისი აზრით, მომხდარს პოლიტიკური ქვეტექსტი აქვს, რის საფუძველსაც 18 იანვარს თურქულ მედიაში გავრცელებული ინფორმაცია აძლევს, რომ საქართველო მზადაა შეუტიოს სკოლას, დახუროს ის და „გადააფორმოს ყველა თურქული სკოლა თურქეთის განათლების ფონდზე“.

მანამდე თბილისის დემირელის სახელობის კერძო სკოლამ და მის მიერ დაფუძნებულმა კიდევ ექვსმა სკოლამ მიუღებელი უწოდა მათ მოხსენიებას ტერორიზმისა და ექსტრემიზმის კონტექსტში.

თურქეთის კონსულის განცხადების შემდეგ, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში თურქეთის ელჩი ზექ ლევენტ გუმრუქჩუ მიიწვიეს, რომლის განმარტებითაც, კონსულის სიტყვები არასწორად იქნა ინტერპრირებული.

მიუხედავად ამისა, მთელი რიგი ოპოზიციური პარტიების ლიდერებმა საქართველოში თურქული სკოლების დახურვა მოითხოვეს, მათ შორის: ნინო ბურჯანაძემ, ჯონდი ბაღათურიამ და ირაკლი ღლონტმა.


ყველა ახალი ამბავი
0