თბილისი, 23 სექტემბერი — Sputnik. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავა აღაშფოთა ბათუმში თურქული სკოლის უნებართვოდ აშენებამ და შესაბამისი ავტორიზაციის გარეშე სასწავლო პროცესის დაწყების ფაქტმა.
ახალი სკოლა, რომლის გახსნასაც თურქეთის განათლების სამინისტროსა და დიპკორპუსის წარმომადგენლები ესწრებოდნენ, ორი დღის წინ გაიხსნა საქართველოში მცხოვრები თურქული ოჯახების ბავშვებისთვის.
ახალ სასწავლებელში, რომელსაც თურქეთის ხელისუფლება აფინანსებს, სწავლება თურქულ ენაზე იქნება თურქეთის განათლების სამინისტროს მიერ შემუშავებული პროგრამით.
„ჩვენ მათ მოვუწოდეთ, რომ ამ სკოლას ქართული კანონმდებლობით გაევლო ავტორიზაცია, ყოფილიყო ქართული სკოლა, ამაზე, პრინციპში, შეთანხმებას მივაღწიეთ“, — განაცხადა ალექსანდრე ჯეჯელავამ.
მინისტრმა მიუღებელი უწოდა იმ ფაქტს, რომ სასწავლებლის გახსნაზე არ მიიწვიეს საქართველოს განათლების სამინისტროს წარმომადგენლები.
„დარწმუნებული ვარ, საბოლოო ჯამში ჩვენ ამ სირთულეს გადავლახავთ და მივიღებთ ქართული კანონმდებლობით სრულად აკრედიტებულ, გამართულ, ძალიან კარგ სასწავლო დაწესებულებას“, — აღნიშნა მინისტრმა.
მისი თქმით, პრობლემის აღმოფხვრას საქართველოსა და თურქეთს შორის არსებული „კარგი და მეგობრული ურთიერთობა“ შეუწყობს ხელს.
აღსანიშნავია, რომ მხოლოდ ეს თურქული სკოლა არ აღმოჩნდა არააკრედიტებული სასწავლებელი საქართველოში.
„ჩვენ გვაქვს სკოლები, იგივე ევროპული სკოლები, რომლებმაც აირჩიეს გზა საერთაშორისო პროგრამით ასწავლონ. ფაქტობრივად, მათი ატესტატი ქართული სახელმწიფოს მიერ აღიარებული არ არის. ასეთი სკოლები არსებობს“, — შენიშმა ალექსანდრე ჯეჯელავამ.
რაც შეეხება ბათუმის მერიას, იქ განაცხადეს, რომ თუ თურქული სკოლა სამშენებლო სამუშაოების დაწყებაზე ნებრათვას არ წარმოადგენს, ქალაქის ხელისუფლება შენობის დემონტაჟის გადაწყვეტილებას მიიღებს, იუწყება საინფორმაციო სააგენტო Новости-Грузия.
ბათუმის მერიაში ასევე განმარტეს, რომ სკოლის ხელმძღვანელობა არაერთხელ გააფრთხილეს და დააჯარიმეს კიდეც. სულ ბოლოს მათ 9 ათასი ლარის გადახდამ მოუწიათ ჯარიმის სახით.