თბილისი, 3 თებერვალი, — Sputnik. საქართველოს მთავრობის განკარგულებით, შიდა ქართლის რეგიონის გუბერნატორად კახა სამხარაძე დაინიშნა, ნათქვამია მთავრობის ადმინისტრაციის ვებ-გვერდზე.
კახა სამხარაძემ ამ პოსტზე იოსებ ოქრომელიძე შეცვალა, რომელიც დღემდე შიდა ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის — გუბერნატორის მოვალეობას ასრულებდა მას შემდეგ, რაც 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგების მიხედვით ყოფილი გუბერნატორი გურამ მჭედლიშვილი მეცხრე მოწვევის პარლამენტის დეპუტატი გახდა.
კახა სამხარაძე საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის კურსდამთავრებულია, იყო USAID-ს მიერ დაფინანსებული ჰუმანიტარული დახმარების პროგრამის მენეჯერი. სხვადასხვა დროს ეკავა საპასუხისმგებლო თანამდებობები ბაქო-თბილისი-ჯეიჰანი/ბაქო-თბილისი-ერზრუმის ნავთობისა და გაზის მილსადენების მშენებლობის პროექტებში. 2014-2015 წლებში თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის გამგებლის პირველი მოადგილე იყო.