რა მიზეზით მიემგზავრება ერდოღანი მოსკოვში: ექსპერტების მოსაზრებები

© REUTERS / Yasin Bulbulრეჯეფ თაიიფ ერდოღანი
რეჯეფ თაიიფ ერდოღანი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ექსპერტთა აზრით, თურქეთის პრეზიდენტის რეჯეფ თაიიფ ერდოღანის მოსკოვში ვიზიტის დროს მთავარი განსახილველი თემები სირია და რუსეთიდან ტურისტული ნაკადი იქნება.

თბილისი, 3 თებერვალი — Sputnik. თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიიფ ერდოღანი რუსეთში ვიზიტს გეგმავს, რათა პირველ რიგში სირიის საკითხი განიხილოს, მიაჩნიათ ქართველ ექსპერტებს.

ერდოღანი მოსკოვში მარტის დასაწყისში გაემგზავრება და თავის კოლეგას, ვლადიმირ პუტინს შეხვდება. რუსეთის მედიის ინფორმაციით, შეხვედრაზე ქვეყნებს შორის ურთიერთობების მოგვარების შემდგომი ნაბიჯების განხილვა იგეგმება. თურქეთის პრეზიდენტი თურქი ბიზნესმენებისა და პოლიტიკოსებისთვის რუსეთის მიერ ვიზების გაუქმების საკითხის წამოჭრას აპირებს.

 „არ დაგვავიწყდეს, რომ თურქეთი ბევრ ტერიტორიას, მათ შორის, სირიის ტერიტორიის ნაწილსაც უყურებს ისე, როგორც საკუთარი ყოფილი ოსმალეთის იმპერიის ნაწილს. და ისინი სირიისგან ნატეხის მოტეხვას შეეცდებიან… რაც შეეხება ასადს, ეს ვაჭრობის საკითხია. თუ თურქეთის ტერიტორიულ პრეტენზიებს რუსეთში გაგებით შეხვდებიან, ისინი ასადით დიდად არ დაინტერესდებიან, მაგრამ ვშიშობ, რუსეთი ამით ვაჭრობას არ აპირებს“, — განუცხადა „Sputnik–საქართველოს“ გლობალური კვლევების ცენტრის ხელმძღვანელმა ნანა დევდარიანმა. 

რეჯეფ ერდოღანი - Sputnik საქართველო
ერდოღანი სირიაში აშშ-ის ქმედებების შედეგად იმედგაცრუებულია

შეხვედრაზე ერდოღანი ასევე დააყენებს რუსეთიდან თურქეთში ტურისტული ნაკადის გაზრდის საკითხს, მიაჩნია ექსპერტს.

 „ამ დღეებში ის (ერდოღანი) ამ ინდუსტრიის წარმომადგენლებს ხვდებოდა, რადგან ტურიზმის სფეროში მომხდარმა ვარდნამ ეკონომიკა დააზარალა… რუსეთს, რა თქმა უნდა, შეუძლია ამ პროცესს ხელი შეუწყოს, რადგან ყველაზე მეტი ტურისტი რუსეთიდან იყო, ურთიერთობების გაუარესების შემდეგ კი ნაკადი ძალიან შემცირდა“, — აღნიშნა დევდარიანმა.

იმაში, რომ სირიის საკითხი ერდოღანისა და პუტინის მოლაპარაკებებზე საკვანძო იქნება, დარწმუნებულია პოლიტიკური მეცნიერების დოქტორი ვახტანგ მაისაიაც. მხარეები ასტანაში 23–24 იანვარს სირიის საკითხზე გამართულ მოლაპარაკებებს განიხილავენ.

ირანმა, რუსეთმა და თურქეთმა შეხვედრის შემდეგ ერთობლივი განცხადება მიიღეს, რომელშიც აღნიშნულია, რომ სირიის კონფლიქტის მოგვარება მხოლოდ პოლიტიკური გზით არის შესაძლებელი. დაზავების შეთანხმების გარანტმა-ქვეყნებმა სირიაში ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის გასაკონტროლებლად სამმხრივი მექანიზმი შეიმუშავეს.

კონფლიქტის დაწყების შემდეგ პირველად, ოფიციალური დამასკის და შეიარაღებული სირიული ოპოზიციის დელეგაცია, რომელშიც 10–15 შეიარაღებული დაჯგუფების წარმომადგენელი შევიდა, მოლაპარაკების მაგიდას მიუსხდნენ.

 „არ დაგავიწყდეთ, რომ ასტანაში გამართული სირიის კონფლიქტის მოგვარების მოლაპარაკებების მთავარი სპონსორები სწორედ თურქეთი და რუსეთი იყვნენ. ბევრი ამ მოლაპარაკებებს წარმატებულად აფასებს, როგორც იტყვიან, ამ ღონისძიების მთავარი სპონსორებიც კი“, — განუცხადა „Sputnik–საქართველოს“ მაისაიამ.


ყველა ახალი ამბავი
0