დავუდ ტოგუ უნივერსიტეტის პირველ კურსს ამთავრებს, წინ კიდევ ექვსი წლის განმავლობაში სწავლა უდევს. საქართველო ინტერნეტში ნანახი ფოტოებიდან მოსწონებია.
ფოტოებით მოჯადოებული
ჩემი მთავარი ოცნებაა — გავხდე კარგი ექიმი–ფსიქიატრი. ერთი წლის წინ, როცა პრაღაში ვცხოვრობდი, დავიწყე ფიქრი, სად გამეგრძელებინა სწავლა და ჩემმა ერთ–ერთმა ბიძაშვილმა საქართველოს სამედიცინო უნივერსიტეტი მირჩია.
მაშინ თქვენი ქვეყნის შესახებ არაფერი ვიცოდი და ამიტომ ინფორმაციის ძებნა ინტერნეტში დავიწყე. პირველი, რაც ვნახე — ეს იყო სტატია ქართული ღვინის შესახებ. თურმე აქ საუკეთესო ღვინოს აყენებენ!
მერე ფოტოებიც ვნახე და სხვა საინტერესო ფაქტებიც მოვიძიე, ყოველდღე რაღაც ახალ ინფორმაციას ვნახულობდი, ფოტოებს ვათვალიერებდი, ვიდეოებს ვუყურებდი, ვეძებდი უცხოელებს, რომლებიც საქართველოში ცხოვრობდნენ… მოკლედ, თქვენმა ქვეყანამ შეუმჩნევლად, ისე, რომ თავადაც ვერ მივხვდი, თანდათან გამიტაცა და ჩამითრია.
იცით, ყველაზე მეტად რამ მიმიზიდა? – საოცარი მთებისა და ზღვის ფოტოებმა.
გადაწყდა, თბილისში უნდა ვისწავლო!
საქართველოში პირველად მამასთან ერთად ჩამოვედი. ქვეყანა ნახა და არჩევანი მომიწონა. აი, მაშინ კი საბოლოოდ გადავწყვიტე — თბილისში უნდა მესწავლა, სამედიცინო უნივერსიტეტში!
გამოცდების ჩაბარება, რომლებიც ზომიერად რთული, მაგრამ უცხოელისთვის საკმაოდ ადაპტირებული იყო, არ გამიჭირდა. სწავლა ინგლისურ ენაზე მიმდინარეობს, გვყავს სასიამოვნო ლექტორები, რომლებიც ყველას კარგად ეპყრობიან. ერთ–ერთი მთავარი მიზეზი იმისა, რომ თბილისის სამედიცინო უნივერსიტეტი ავირჩიე, იყო სწავლის ხარისხი, რომელიც ჯგუფებში სტუდენტთა რაოდენობაზეა დამოკიდებული. თბილისში ჭარბი მოსახლეობის პრობლემა არ არსებობს, რაც ინდოეთისთვისაა დამახასიათებელი. ამიტომ თითოეულ სტუდენტს საკმარისი ყურადღება ექცევა. თანაც უნივერსიტეტში მშვიდი და სასიამოვნო გარემოა, რაც სწავლის ხარისხზე დადებითად მოქმედებს.
თუმცა არის მინუსებიც. მაგალითად, გვამის გაკვეთის პრაქტიკის არარსებობა, რაც, თურმე, რელიგიური მიზეზების გამო ხდება. არადა, ამით სტუდენტებს ადამიანის სხეულის გაცნობისა და შეუფასებელი გამოცდილების მიღების საშუალება ეკარგებათ.
საქართველო და ინდოეთი — მსგავსება და განსხვავება
წარმოშობით ქაშმირიდან ვარ, რომელიც სოფელია, მაგრამ თბილისს იმით ჰგავს, რომ იქაც 1,5 მილიონი ადამიანი ცხოვრობს. არსებობს მენტალური მსგავსებაც — აქაც და იქაც ადამიანები ერთმანეთს კარგად ექცევიან, ურთიერთობებს აფასებენ, თბილები და გახსნილები არიან.
კიდევ ერთი მსგავსება — ეს მანქანის მართვის სტილია. თუმცა, მე ვიტყოდი, აქ კიდევ უარესად ატარებენ ავტომობილებს, ვიდრე ჩვენთან. სამ ისეთ ქვეყანას ვიცნობ, რომლებიც ამ კუთხით საყოველთაოდ არიან ცნობილი: თავად ინდოეთი, ეგვიპტე და საუდის არაბეთი. მაგრამ საქართველო…
მაგრამ, მოდით, უარყოფითზე ნუ ვილაპარაკებთ.
ჰო, კიდევ, იცით, რა შევამჩნიე? რომ თქვენში სამსახურში მიღებისას უპირატესობას ქალებს ანიჭებენ. რატომ? არ ვიცი. იქნებ მეჩვენება და სულაც არ ანიჭებენ უპირატესობას, უბრალოდ, ქალები მეტს მუშაობენ? მაგრამ მე სამსახურებში კაცებზე მეტი ქალი მხვდება თვალში. აი ინდოეთში კი პირიქითაა.
ხაჭაპური, ხინკალი და კიდევ 1001 კერძი
მომწონს ქართული სამზარეულო. რომ ჩამოვედი, ყველა ხაჭაპურის, ლობიანისა და ხინკლის გასინჯვას მირჩევდა, მაგრამ საქართველოში ბევრად მრავალფეროვანი ეროვნული სამზარეულო აღმოვაჩინე.
ასე მგონია, რომ ქართული სამზარეულოს მთავარი ინგრედიენტებია პური, ყველი და ხორცი. სხვადასხვა კერძების მომზადებისას ხშირად ღვინოსაც იყენებენ, რაც მათ მრავალფეროვნებას კი სძენს, მაგრამ გემოთი ამსგავსებს. ავიღოთ, მაგალითად, ფხალი. ის სხვადასხვა ბოსტნეულისგან მზადდება, მაგრამ გემოთი ერთმანეთს ჰგავს, იმიტომ რომ ყველაზე მეტად ნიგოზი იგრძნობა. ბევრი საინტერესო და გემრიელი კერძი გაქვთ, მაგრამ მათ რეკლამას ისე აქტიურად არ უწევენ, მაგალითად, ჩიხირთმას, აჭარულს, ხარჩოს…
ბევრი მეუბნებოდა, რომ საქართველო ცნობილია სანელებლებით, რომლებსაც აქ სუნელებს ეძახიან. მაგრამ, აღმოვაჩინე, რომ საქართველოში, ინდოეთთან შედარებით, ცოტა სანელებელს იყენებენ! ჩემი აზრით, ქართულ კერძებს სიმწვავე აკლია. საერთო ჯამში, ქართული და ინდური სანელებლები ერთმანეთისგან აბსოლუტურად განსხვავდება — არომატით, სიმწვავით, ასევე კერძებში გამოყენების რაოდენობითაც.
პატარა, მაგრამ დიდი საქართველო
თქვენ ქვეყანაში კიდევ ექვსი წელი უნდა ვიცხოვრო, სანამ სწავლას არ დავასრულებ. მაგრამ ასე მგონია, რომ ეს დრო საქართველოს შემოსავლელად და დასათვალიერებლად, მისი კულტურის, ყოფისა და ტრადიციების გასაცნობად არ მეყოფა. აქ იმდენი რამ არის სანახავი, რომ…
საქართველო ძალიან პატარა ქვეყანაა, მაგრამ დასათვალიერებელი ადგილიც ბევრია, გასასინჯი კერძიცა და გასაცნობი ადამიანებიც. ჰო, თქვენი ქვეყანა თითქოს პატარაა, მაგრამ, კულტურული კუთხით, მართლაც რომ ძალიან დიდია.
იცით, რა არ მავიწყდება? – ბათუმის სანაპირო. ინდოეთში ოკეანის ნაპირი ქვიშიანია და შავი ზღვა პირველად რომ ვნახე, მახსოვს, ვიდექი და მოჯადოებული გავყურებდი მის ქვიან სანაპიროს…
მიყვარს საქართველოში მოგზაურობა და მისი ახალი წახნაგების აღმოჩენა. მალე არდადეგები დამეწყება და ქვეყნის გარშემო ტურს ვგეგმავ. იმედი მაქვს, რომ ამ მოგზაურობის დროს ბევრ საინტერესო ადამიანს გავიცნობ.
მოკლედ, ჰერი–ჰერი, ლამაზი და ჩემთვის ჯერ ისევ უცნობი ქვეყნის — საქართველოს გასაცნობად!