თბილისი, 2 თებერვალი — Sputnik. ხელისუფლება არ არის ვალდებული, სავაჭრო ცენტრ „ბავშვთა სამყაროს“ მეწარმეებს ზარალი სახელმწიფო ბიუჯეტიდან აუნაზღაუროს, მიაჩნია ეკონომისტ ლევან კალანდაძეს.
„ადამიანებმა უნდა ისწავლონ, რომ მათ უნდა დააზღვიონ საკუთარი ეკონომიკური საქმიანობის თანმდევი რისკები და ნებისმიერი ხანძარი, წყალდიდობა თუ მიწისძვრა – მათი პასუხისმგებლობაა და არა სახელმწიფოსი“, – განაცხადა ლევან კალანდაძემ.
ეკონომისტის თქმით, ბუნებრივია, სახელმწიფოს აქვს გარკვეული პასუხისმგებლობა დაზარალებულ პირებთან მიმართებით და შეუძლია საკუთარი ინსტიტუტების კომპეტენციის ფარგლებში გარკვეული საშეღავათო რეჟიმებიც დაუწესოს, მაგალითად, მიმართოს ბანკებს რეკომენდაციით დაზარალებული მეწარმეებისთვის სესხების განწილვადების თაობაზე, ან ადგილობრივმა თვითმმართველობებმა დროებით გამოუყონ მათ ალტერნატიული ფართები. მაგრამ ის, რომ სახელმწიფოს, იქნება ეს მთავრობა თუ მერია, აქვს ამ ზარალის ანაზღაურების ვალდებულება, ეს არასწორი მიდგომაა.
„მეწარმეები, ადრე თუ გვიან, უნდა მივიდნენ იქამდე, რომ საკუთარი რისკები სადაზღვეო კომპანიებში დააზღვიონ და აღარ იქნება პრობლემები ასეთი გაუთვალისწინებელი შემთხვევების დროს“, — თვლის ლევან კალანდაძე.
ხანძარი სავაჭრო ცენტრ „ბავშვთა სამყაროს“ შენობაში, სადაც „ოქროს სამყარო“ და საბითუმო ბაზრობა იყო განთავსებული, კვირას, გვიან ღამით გაჩნდა. ხანძარმა 13 ათასი კვადრატული მეტრი ფართობი მოიცვა. ცეცხლის ლოკალიზება მხოლოდ მეხანძრეთა ცხრასაათიანი ბრძოლის შემდეგ მოხერხდა.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ დაიწყო გამოძიება სსკ-ის მუხლით „ნივთის დაზიანება ან განადგურება, ჩადენილი ცეცხლის წაკიდებით, აფეთქებით ან სხვა საყოველთაოდ საშიში საშუალებით“, რაც ისჯება სამიდან ხუთ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთით.
ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ინფორმაციით, „ბავშვთა სამყაროს“ დირექციას შენობა სადაზღვევო კომპანია „ალდაგში“ 6 მლნ ლარად ჰქონდა დაზღვეული, მაგრამ დაზღვევა არ ეხება შენობის შიგნით განთავსებულ სავაჭრო დახლებს.
მოვაჭრეების დახმარების აუცილებლობაზე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ორშაბათსვე განაცხადა.
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური თბილისის სავაჭრო ცენტრ „ბავშვთა სამყაროში“ დამწვარ საქონელს მას შემდეგ ჩამოწერს, რაც გამოუსადეგარი და უვარგისი ინვენტარის რაოდენობა ზუსტად დადგინდება.
ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ, თავის მხრივ, განაცხადა, რომ კომერციული ბანკები მზად არიან, ხანძრის შედეგად დაზარალებულ მოვაჭრეებს კრედიტების გადახდა გადაუვადონ.