ევროპარლამენტარი მარია გაბრიელი საქართველოსთვის ვიზების გაუქმებას მარტში ვარაუდობს

© photo: Sputnik / Alexander Imedashviliევროკავშირის დროშა
ევროკავშირის დროშა - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოსთან სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის საკითხზე ევროპარლამენტის მომხსენებელი საქართველოს მოქალაქეებისთვის შენგენის ზონის ქვეყნებში სავიზო რეჟიმის გაუქმების მოთხოვნას მარტის ბოლომდე აპირებს.

თბილისი, 2 თებერვალი — Sputnik. საქართველოსთან სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის საკითხზე ევროპარლამენტის მომხსენებელი მარია გაბრიელი იმედოვნებს, რომ უვიზო რეჟიმი მარტის ბოლომდე ამოქმედდება.

ევროპარლამენტში ევროკავშირის საქართველოსთან სავიზო რეჟიმის გაუქმების საკითხზე კენჭისყრა ხუთშაბათს ბრიუსელში სხდომაზე გაიმართება.

„კოლეგებისგან ველი მხარდაჭერას. ჩემი, როგორც მომხსენებლის მიზანია მოვიპოვო ხელმოწერა 1 ან 2 მარტს. შემდეგ მოხდეს გადაწყვეტილების გამოქვეყნება ოფიციალურ ჟურნალში, რაც შეიძლება სწრაფად, 10 მარტამდე. ამის შემდეგ მხოლოდ 20 დღე მოგვიწევს ლოდინი უვიზო მიმოსვლის ძალაში შესვლამდე. თუმცა განვაგრძობ მოთხოვნას, რომ ეს მოხდეს მარტის ბოლომდე“, — განუცხადა გაბრიელმა ქართველ ჟურნალისტებს ბრიუსელში.

საქართველომ ძალიან დიდი და რთული რეფორმები ჩაატარა, აღნიშნა ევროპარლამენტარმა. მისი კომენტარები ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ეთერში გადაიცა.

ევროკავშირის დროშა ევროპარლამენტში - Sputnik საქართველო
მაკალისტერი: ევროპარლამენტი საქართველოსთვის სავიზო რეჟიმის გაუქმებას ემხრობა

„ამიტომ ვამბობ, რომ ეს დამსახურებული უვიზო რეჟიმია. უვიზო რეჟიმი ნიშნავს კავშირების გაძლიერებას ადამიანებს შორის — ჩვენ გავხსნით კარს ახალგაზრდების, სტუდენტების, ტურისტებისთვის. ასევე, ესაა ღია კარი ჩვენი საერთო უსაფრთხოებისთვის, რადგან დღეს საერთო გამოწვევების წინაშე ვდგავართ. უკვე გვაქვს შეთანხმება ინფორმაციების გაცვლის შესახებ და საქართველომ დაამტკიცა, რომ ნამდვილად არის სტაბილური პარტნიორი. ჩვენ უნდა განვაგრძოთ ერთად მუშაობა“, — აღნიშნა გაბრიელმა.

მიმდინარე წლის იანვარში ევროპარლამენტის სამოქალაქო თავისუფლების, მართლმსაჯულებისა და საშინაო საკითხების კომიტეტმა (LIBE) დაამტკიცა რეგულაციის ცვლილების საბოლოო ტექსტი, რომელიც ითვალისწინებს საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო მიმოსვლის რეჟიმის შემოღებას. აღნიშნული ცვლილების პროექტი შეთანხმდა 2016 წლის 13 დეკემბერს ევროკომისიას, ევროპარლამენტსა და ევროკავშირის საბჭოს შორის.

დადგენილი პროცედურებით, ევროპარლამენტში კენჭისყრის შემდეგ რეგულაცია ფორმალურად უნდა დაამტკიცოს ევროკავშირის საბჭომ მინისტრების დონეზე. რეგულაცია ევროკავშირის ოფიციალურ ჟურნალში მას შემდეგ გამოქვეყნდება, რაც საკანონმდებლო ცვლილებს ევროპარლამენტის პრეზიდენტი და ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყნის (მალტის) წარმომადგენელი მოაწერენ ხელს.

რეგულაცია გამოქვეყნებიდან 21 დღეში ამოქმედდება. ექსპერტების პროგნოზით, უვიზო რეჟიმი საქართველოსთვის 2017 წლის აპრილიდან ამოქმედდება — საქართველოს მოქალაქეებს შენგენის ზონის ქვეყნებში 180 დღის მანძილზე 90 დღით ყოფნის შესაძლებლობა ექნებათ.

ყველა ახალი ამბავი
0