თბილისი, 2 თებერვალი — Sputnik. მიმდინარე წლის 2-3 თებერვალს საქართველოს ოფიციალური ვიზიტით ეწვევა ეუთოს მოქმედი თავმჯდომარე, ევროპის ინტეგრაციისა და საგარეო საქმეთა მინისტრი სებასტიან კურცი, ნათქვამია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.
ეუთოს თავმჯდომარის ვიზიტის ძირითადი განსახილველი თემა გახდება საქართველო — ეუთოს თანამშრომლობის საკითხები, მათ შორის რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის მშვიდობიანად მოგვარების პროცესში ეუთოს როლი და მისი ჩართულობის გაზრდის შესაძლებლობები.
ვიზიტის ფარგლებში ბატონი კურცი შეხვედრებს გამართავს საქართველოს პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილთან, პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილთან და საგარეო საქმეთა მინისტრ მიხეილ ჯანელიძესთან.
ეუთოს თავმჯდომარე ასევე დაესწრება ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმების შეხვედრას ერგნეთში.
წელს საქართველოს ეუთოში წევრობის 25 სრულდება. ეუთო ჟენევის მოლაპარაკებებზე თანათავმჯდომარეა და ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმების შეხვედრებში მონაწილეობს, რომლებიც გალსა და ერგნეთში ტარდება.
საქართველო აქტიურად მუშაობს აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში ეუთოს სადამკვირვებლო მისიის აღდგენის კუთხით, რომელიც 2008 წლის აგვისტოს კონფლიქტის შემდეგ დაიბლოკა.