დღის კურიოზი: სად გაქრა ტრაქტორი?!

გამოწერა
ტყიბულის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციას განმარტებების გაკეთება მოუწია იმასთან დაკავშირებით, თუ სად გაქრა ტრაქტორი, რომელსაც თოვლისგან გზა უნდა გაეწმინდა.

თბილისი, 2 თებერვალი — Sputnik. სოციალურ ქსელებში დილიდან აქტიურად განიხილება ტრაქტორის თემა, რომელსაც სოფელ მუხურაში გზა უნდა გაეწმინდა.

ადგილობრივები ჰყვებიან, რომ მძღოლმა ტრაქტორი მას შემდეგ დატოვა, რაც საწვავი გამოელია და მის მოსატანად წავიდა. იმ დროისთვის უკვე დაღამდა და ქარბუქიც დაიწყო. როდესაც მძღოლი დაბრუნდა, ტრაქტორი უკვე არსად ჩანდა.

დიდთოვლობა - Sputnik საქართველო
ვითარება საქართველოს გზებზე: თოვლი და ლიპყინული პრობლემებს ქმნის

ტყიბულის მუნიციპალიტეტის სოფელ მუხურაში თოვლის საფარის სიმაღლე ხუთ მეტრს აღწევს.

მოსახლეობის ხმაურიანი რეაქციის შემდეგ ტყიბულის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციას განმარტების გაკეთება მოუწია.

„ტრაქტორი დაკარგული არ არის, ნამქერშია ჩარჩენილი, სანამ არ გაიწმინდება ირგვლივ მიმდებარე ტერიტორია, მანამ მექანიზმი ადგილიდან ვერ დაიძვრება“, — ნათქვამია ტყიბულის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციის Facebook–გვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.

ადგილობრივი ხელისუფლების თქმით, ტყიბულიდან სოფელ მუხურამდე მიმავალი საავტომობილო გზის გაწმენდითი სამუშაოები ინტენსიურად მიმდინარეობს. ჯერჯერობით კი სოფლის მცხოვრებნი თერჯოლის შემოვლითი გზით სარგებლობენ.

როდის იხსნიან ტრაქტორს თოვლის ტყვეობიდან, ჯერჯერობით უცნობია. უახლოეს დღეებში ნალექი მოსალოდნელი არ არის, მაგრამ ყინვა შენარჩუნდება.

სოციალურ ქსელში მომხმარებელთა გვერდებზე სახუმარო სტატუსები გამოჩნდა: „იძებნება ტრაქტორი“, „მარტში, როდესაც მუხურაში დაკარგულ ტრაქტორს იპოვიან, ერთად ვიმღეროთ: „გაზაფხულდა, აყვავილდა ტრაქტორი“, „ტრაქტორმა თქვა, მეძებეთ მორზეს ანბანით, ჯართის დეტექტორის დახმარებით“, „ვეძებ ტრაქტორს, დაინტერესებულმა პირებმა თოვლის დადნობის შემდეგ მომმართონ“ და ა.შ.

სოციალური ქსელების ზოგიერთი მომხმარებელი უფრო შორს წავიდა და დაკარგული ტრაქტორის საძიებო სამუშაოებში ჩაკ ნორისი და ჟან–კლოდ ვან დამი „ჩართო“.

ამინდი კვირის დასაწყისში მკვეთრად გაუარესდა, რაიონების უმეტესობაში მოთოვა.

ყველა ახალი ამბავი
0