თბილისი, 2 თებერვალი — Sputnik. აშშ–ში მცხოვრები 20 წლის ქართველი ჯაზ–პიანისტისა და კომპოზიტორის ბექა გოჩიაშვილის მონაწილეობით ჯაზის საღამო ვანო სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის დიდ დარბაზში 3 თებერვალს გაიმართება.
ქართველი ვირტუოზი პიანისტის თაყვანისმცემლებს ელოდებათ კონცერტი სახელწოდებით Round Midnight.
„კონცერტის წინ არასდროს ვამბობ, რას დავუკრავ. მხოლოდ შემიძლია ვთქვა, რომ საღამოზე გაიჟღერებს როგორც ჩემი, ისე სხვა კომპოზიტორების ნაწარმოები“, — უთხრა „Sputnik–საქართველოს“ ბექა გოჩიაშვილმა.
ბექა გოჩიაშვილი 1996 წელს დაიბადა. მუსიკალური ნიჭი 2 წლის ასაკში გამოავლინა. უკვე 4 წლის ასაკში ფორტეპიანოზე საკმაოდ რთულ ნაწარმოებს უკრავდა. 2002 წელს მუსიკალურ სკოლაში ჩააბარა. 9 წლის ასაკიდან ჯაზის ხელოვნების მეთოდებს ეუფლებოდა ზურაბ რამიშვილის ხელმძღვანელობით.
გოჩიაშვილს მრავალ კონკურსსა და ფესტივალზე აქვს მონაწილეობა მიღებული, უამრავი დიპლომის მფლობელია. 2007 წელს 11 წლის ასაკში ლატვიაში ჯაზ–ფესტივალზე ცნობილ მუსიკოსებთან ლენი უაიტთან და ვიქტორ ბეილისთან ერთად გამოვიდა, იმავე წელს დაუკრა მეათე საერთაშორისო ფესტივალზე „ქართველები უკრავენ ჯაზს“.
2009 წელს გაიმარჯვა ახალგაზრდა პიანისტთა საერთაშორისი კონკურსში, რომელიც 43–ე ჯაზ–ფესტივალის ფარგლებში შვეიცარიის ქალაქ მონტრეში ჩატარდა (Montreux Jazz Festival).
ბექა გოჩიაშვილმა ნიუ–იორკში პრესტიჟული მუსიკალური სკოლა „ჯულიარდი“ დაამთავრა, რომელშიც ის ახალგაზრდა ასაკის გამო გამონაკლისის სახით მიიღეს.
უკანასკნელ წლებში ბექა პოპულარულ ამერიკელ ჯაზ–მუსიკოსთან ჩიკ კორიასთან თანამშრომლობს, რომელიც Grammy–ს მრავალგზის მფლობელია.