თბილისი, 1 თებერვალი — Sputnik. 2017 წლის საბავშვო სიმღერის კონკურსი „ევროვიზია“ საქართველოში ნოემბერში გაიმართება, ამის შესახებ ინფორმაციას „საზოგადოებრივი მაუწყებელი“ ავრცელებს.
პრესკონფერენციას ესწებოდნენ ტურიზმის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი გიორგი ჩოგოვაძე, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ქეთევან ბოჭორიშვილი, საზოგადოებრივი მაუწყებლის მედიისა და კომუნიკაციის ბლოკის დირექტორი თინათინ ბერძენიშვილი და 2017 წლის საბავშვო „ევროვიზიის“ პროექტის ხელმძღვანელი სერგი გვარჯალაძე.
როგორც პრესკონფერენციაზე განაცხადეს, კონკურსის ჩატარების კონკრეტული თარიღი 22-24 თებერვალს გახდება ცნობილი.
"ეს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ღონისძიებაა, რომელიც საქართველოში ჩატარდება… ამ ეტაპზე ვიცით, რომ ღონისძიება ჩატარდება ნოემბერში… ბევრი დეტალია, რომლებსაც გავიგებთ თებერვლის ბოლოს — მარტის დასაწყისში. განიხილება რამდენიმე სხვადასხვა ადგილი ამ ეტაპისთვის. ჩვენი მიდგომაა, რომ რაც შეიძლება დიდი დარბაზი იყოს… ეს უნდა იყოს თანამედროვე შენობა, რომელსაც ჩვენ კიდევ დავამატებთ ჩვენს ტექნიკას. ეს არის ჯერჯერობით ინფორმაცია, რაც გვაქვს", — განაცხადა სერგი გვარჯალაძემ.
საქართველო საბავშვო „ევროვიზიის“ უპირობო ლიდერია. 2016 წელს საქართველო საბავშვო ევროვიზიის გამარჯვებული მესამედ გახდა და ევროპის საბავშვო ფესტივალის გამარჯვებულ ქვეყნებს შორის რეკორდი დაამყარა. მსგავსი შედეგი ამ დრომდე არც ერთ ქვეყანას არ ჰქონია.
საქართველომ საბავშვო „ევროვიზიის“ სიმღერის კონკურსში პირველად გამარჯვება 2008 წელს მოიპოვა, როცა ჯგუფმა „ბზიკები“ კვიპროსის ქალაქ ლიმასოლში პირველი ადგილი დაიმსახურა. მეორედ 2011 წლის კონკურსის გამარჯვებული გახდა ჯგუფი Candy სიმღერით Candy Music. წელს კი მესამედ კონკურსში გამარჯვება ქართველმა მონაწილემ, 10 წლის მარიამ მამადაშვილმა მოიპოვა.
2017 წელს საქართველოში საბავშვო „ევროვიზიის“ რიგით მე-15 კონკურსი ჩატარდება, საზოგადოებრივი მაუწყებელი კი მეთერთმეტედ წარადგენს მონაწილეს საბავშვო ევროპულ ფესტივალზე.
საქართველომ მონაწილეობა მსოფლიოს საბავშვო კონკურსში 2007 წლიდან დაიწყო, როდესაც კონკურსზე პირველად საქართველოს სახელით მარიამ რომელაშვილი წარდგა. მან კონკურსზე მეოთხე ადგილი აიღო და ამით ევროპული კონკურსის კარი ფართოდ გააღო.