მარიამ მამადაშვილი: ამერიკაში მივდივარ საცხოვრებლად

© photo: courtesy of Junior Eurovisionმარიამ მამადაშვილი
მარიამ მამადაშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
წელს საბავშვო "ევროვიზია 2016"-ს მალტა მასპინძლობდა. კონკურსში ქართველმა მონაწილემ, 10 წლის მარიამ მამადაშვილმა 17 ქვეყნის კონკურსანტს შორის მოიპოვა გამარჯვება. მან კონკურსზე შეასრულა სიმღერა "მზეო", რომელიც საკუთარ დედასა და საქართველოს მიუძღვნა.

საბავშვო „ევროვიზიის“ გამარჯვებული მთელმა საქარეთველომ გაიცნო და შეიყვარა. მარიამი „ევროვიზიაზე“ გამარჯვებით განცდილ ბედნიერებაზე და მომავალ გეგმებზე „sputnk-საქართველოს“ ესაუბრა.

– მარიამ, როდის გამოამჟღავნე შენი მუსიკალური ნიჭი?

– ოთხი წლის ვიყავი, როცა ოთახში ჩუმად შევიკეტე და ჩემთვის დავიწყე სიმღერა. დედამ მოისმინა და მიხვდა, რომ სიმღერის ნიჭი მქონდა. ცოტა ხნის შემდეგ შემიყვანეს „ბზიკების“ სტუდიაში და იქ გავაგრძელე სწავლა. ოთხი წელი ვისწავლე იქ.

– როგორც ვიცი, ამის მერე ამერიკაში წახვედი საცხოვრებლად.
– დიახ. ერთი წელი გავატარე ამერიკაში. იქ მყავდა ბებია და მქონდა შესაძლებლობა მეც ჩავსულიყავი საცხოვრებლად. ვფიქრობ, ამერიკაში განვითარების მეტი შესაძლებლობა მაქვს. დავდიოდი ბროდვეის აკადემიაში, სადაც გვასწავლიდნენ ვოკალს, სამსახიობო ოსტატობას, ცეკვას და ა.შ. ვიღებდით მონაწილეობას მიუზიკლებში, ვმონაწილეობდი კონცერტებში…

– საქართველოში „ევროვიზიის“ გამო დაბრუნდი?

– გიგა კუხიანიძემ შემომთავაზა, რომ საქართველოში ჩამოვსულიყავი და საბავშვო „ევროვიზიის“ კონკურსში მიმეღო მონაწილეობა. მან დამიწერა ულამაზესი სიმღერა „მზეო“. კონკურსში მონაწილეობისთვის 10 ბავშვს შორის შემარჩიეს.

– ყველაზე მეტად საბავშვო „ევროვიზიიდან“ რა დაგამახსოვრდა?
– ძალიან ბევრი არაჩვეულებრივი ადამიანი გავიცანი. 2014 წელს, როცა პირველად გავემგზავრე „საბავშვო ევროვიზიაზე“, მაშინ გავიცანი ერთ-ერთი წამყვანი მეთიუ, რომელიც განსაკუთრებით დამამახსოვრდა. ეს წამყვანი წელსაც იყო და ძალიან გამიხარდა. გავიცანი და დავუმეგობრდი ბევრ მონაწილეს. ყველანი ძალიან ნიჭიერები და მეგობრულები იყვნენ და ჩვენი მეგობრობა დღესაც გრძელდება.

მარიამ მამადაშვილი: ამერიკაში უფრო სერიოზულად მოვკიდებ ხელს სიმღერას


– ელოდი ამ გამარჯვებას?

– როდესაც გავიგე, რომ მე გავიმარჯვე, ძალიან გამიხარდა. უზომოდ ბედნიერი ვიყავი. ყურებს არ ვუჯერებდი, მეგონა მომეჩვენა. ჯერ კიდევ ემოციების ქვეშ ვარ და არ მჯერა. ვერ წაროვიდგენდი, რომ მოვიგებდი.

– იმ წუთებში პირველი ვინ გაგახსენდა?

– პირველად საქართველო და ქართველი ხალხი გამახსენდა. წარმოვიდგინე, მათაც როგორ გაუხარდათ ჩემი გამარჯვება.

© Sputnik / Levan Avlabreliმარიამ მამადაშვილი პრესკონფერენციაზე
მარიამ მამადაშვილი პრესკონფერენციაზე - Sputnik საქართველო
მარიამ მამადაშვილი პრესკონფერენციაზე


– შენმა ამერიკელმა მეგობრებმა მოგილოცეს გამარჯვება?

– კი და მელოდებიან, მალე ჩავალ და პირადად მომილოცავენ.

– ამ გამარჯვების შემდეგ რა შეიცვალა შენ ცხოვებაში? რამე სერიოზული შემოთავაზება თუ გაქვს?

– შემოთავაზება ჯერჯერობით არაფერი. მეტი პასუხისმგებლობა გამიჩნდა. 14 იანვარს ამერიკაში მივემგზავრები. როცა ჩავალ, იქ უფრო სერიოზულად მოვკიდებ ხელს სიმღერას. ვეცდები უფრო დავიხვეწო და დიდი გამოცდილება შევიძინო. ძალიან მინდა მომღერალი გამოვიდე, მაგრამ არც ფილმებში მონაწილეობაზე ვიტყოდი უარს.

ყველა ახალი ამბავი
0