თბილისი, 1 თებერვალი — Sputnik. დიდთოვლობამ საქართველოში პრობლემები შექმნა — დაზიანდა სახლები, ზოგიერთ სკოლაში სასწავლო პროცესი შეჩერდა და ავტომაგისტრალებზე ტანსპორტის გადაადგილება გართულდა.
ტემპერატურა საქართველოში კვირის დასაწყისში დაეცა, თითქმის ყველა რაიონში მოთოვა.
მეტეოროლოგიური პირობების გამო ყველაზე რთული ვითარება აჭარის მაღალმთიან რაიონებსა და გურიაში შეიქმნა, სადაც თოვლის საფარის სიმაღლემ ორ მეტრს მიაღწია, ნათქვამია საქართველოს მთავრობის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.
სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში დიდთოვლობამ ორი სახლი დააზიანა. მიყენებული ზარალის ოდენობას სპეციალური კომისია ითვლის.
ღამით მაშველებმა საავადმყოფოში ტურისტი გადაიყვანეს, რომელსაც ხელი დაუზიანდა. ტურისტულ ჯგუფთან ერთად ის ბახმაროში ისვენებდა.
მაღალმთიან აჭარაში 12 საჯარო სკოლაში და 17 საბავშვო ბაღში სასწავლო პროცესი შეჩერდა, მიზეზი კი მოსწავლეთა არგამოცხადება გახდა.
საგანგებო რეჟიმში სპეცტექნიკის გამოყენებით გზების გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს. მაღალმთიან რაიონებში მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტომანქანებისთვის დიდთოვლობის გამო შეზღუდვები მოქმედებს.
ამ ეტაპზე ბუნებრივი აირისა და ელექტროენერგიის მიწოდების პრობლემები არ არსებობს.
საქართველოს რაიონებში საგანგებო შტაბები გაიხსნა.