თბილისი, 1 თებერვალი — Sputnik. ბათუმში დიდთოვლობას სავაჭრო ცენტრის ნგრევა მოჰყვა, იუწყება ტელეკომპანია „რუსთავი 2“.
შემთხვევა ბათუმში, ინასარიძის ქუჩაზე დილის 7 საათზე მოხდა. სახურავზე დაგროვილმა თოვლის დიდმა მასამ სავაჭრო ობიექტის ნგრევა გამოიწვია.
მაღაზიის მფლობელი აცხადებს, რომ შენობას ჰქონდა შესაბამისი დამცავი, თუმცა ნალექი ისეთი დიდი რაოდენობით მოვიდა, რომ კონსტრუქციამ ვერ გაუძლო.
რეგიონში დიდთოვლობამ პრობლემები სხვა რაიონებშიც შექმნა. წუხელ, გვიან ღამით დიდთოვლობას მსხვერპლი მოყვა ხელვაჩაურის რაიონში – სოფელ ზედა სამებაში თოვლის დიდი მასის გამო საცხოვრებელი სახლი ჩამოინგრა, რასაც 44 წლის მამაკაცის სიცოცხლე ემსხვერპლა.