თბილისი, 1 თებერვალი — Sputnik. ბათუმში სამეწარმეო საქმიანობით დაკავებულ ქალთა პირველი ბიზნეს-ფორუმი გაიმართა, იუწყება აჭარის მთავრობის პრეს-სამსახური.
ღონისძიებაში, რომლის მთავარი გზავნილი იყო „წარმატებული ქალი — ძლიერი ეკონომიკა“, 80-მდე ქალი-მეწარმე მონაწილეობდა.
ბიზნეს-ფორუმი შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს (SDC) ფინანსური მხარდაჭერით ჩატარდა.
ღონისძიებაში ადგილობრივი, რეგიონალური და ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლები იღებდნენ მონაწილეობას.
ფორუმზე სიტყვით გამოვიდა აჭარის მთავრობის მეთაურის მეუღლე სოფიო ბაკურიძე, რომელიც ასოციაცია „ერთმანეთისთვის“ ხელმძღვანელია. მან ქვეყნისა და რეგიონის ეკონომიკურ განვითარებაში ქალთა ჩართულობის მნიშვნელობაზე და ამ მიმართულებით საერთაშორისო გამოცდილებაზე ისაუბრა.
განსაკუთრებული აქტივობით გამოირჩეოდნენ მაღალმთიანი აჭარის წარმომადგენლები. რეგიონის ხუთივე მუნიციპალიტეტში „ქალთა ოთახებთან" პარტნიორობით სოფლად მცხოვრები ქალების მცირე და საშუალო ბიზნესში ჩართულობის ზრდის ტენდენცია შეიმჩნევა.