თბილისი, 1 თებერვალი — Sputnik. 2016 წელს საქართველომ საერთაშორისო ტურიზმიდან 2 მილიარდი აშშ დოლარის შემოსავალი მიიღო, განაცხადა საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის უფროსმა გიორგი ჩოგოვაძემ პრესკონფერენციაზე.
2016 წელს საქართველოს რუსეთიდან 1 037 564 ვიზიტორი ეწვია, რაც გასული წლის მონაცემებს 12%-ით აღემატება, აღნიშნა გიორგი ჩოგოვაძემ.
საქართველოში 2016 წელს სულ 6 350 825 ვიზიტორი ჩამოვიდა, რაც 2015 წლის მონაცემებს 7,6%-ით აღემატება. გასულ წელს 19%-ით გაიზარდა საერთაშორისო ვიზიტორების რიცხვი, რომლებმაც საქართველოში 24 საათზე მეტი დრო დაჰყვეს (2 714 773 ადამიანი).
„წარმატებულად ვაფასებთ განვლილ 2016 წელს და ამას, პირველ რიგში, რეკორდული ოფიციალური სტატისტიკა და მონაცემები ადასტურებს. წელს პირველად საქართველომ ორ მნიშვნელოვან ნიშნულს მიაღწია, საერთაშორისო მოგზაურების რაოდენობამ 6 მილიონს გადააჭარბა, ასევე პირველად შემოსავლებმა საერთაშორისო ტურიზმიდან 2 მილიარდ აშშ დოლარზე მეტი შეადგინა“, — განაცხადა ჩოგოვაძემ.
2015 წელს საერთაშორისო ტურიზმით მიღებულმა შემოსავალმა 1,9 მილიარდი დოლარი შეადგინა.
ქვეყნების ტოპ-ხუთეული, რომელთა მოქალაქეები საქართველოს გასულ წელს ესტუმრნენ, ასეთია: აზერბაიჯანი — 1 523 075 ადამიანი, რაც 2015 წელთან შედარებით 9,3%-ით მეტია; სომხეთი — 1 496 246 ადამიანი (+1,9%); თურქეთი — 1 254 089 ადამიანი (–9,9%); რუსეთი — 1 037 564 ადამიანი (+12%); უკრაინა — 172 631 (+21,8%).
ვიზიტორთა განსაკუთრებული ზრდა დაფიქსირდა ირანიდან (+48%), ინდოეთიდან (+199%), საუდის არაბეთიდან (+116%), ფილიპინებიდან (+89%), ომანიდან (+75%) და ჩინეთიდან (+46%).