მაგრამ რამდენად ხარისხიანია ესა თუ ის თვალი, ყველამ არ იცის. ამიტომ ქვემოთ გთავაზობთ რჩევებს, რომლებიც ნამდვილად ძვირფასი ბრილიანტის ამოცნობაში დაგეხმარებათ.
იუველირები ქვის ხარისხსა და ღირებულებას „ოთხი C-ს წესით“ ადგენენ. ესენია:
• ფერი — color;
• სიწმინდე — clarity;
• დაწახნაგება — cut;
• წონა — carat.
ეს წესები თავდაპირველად ალმასების შესაფასებლად შემოიღეს, თუმცა მოგვიანებით ყველა დანარჩენ ძვირფას თუ ნახევრადძვირფას ქვებსაც მიუსადაგეს.
გავზომოთ კარატი მარტივად
წონა, ანუ კარატი — ეს ძირითადი პარამეტრია ნებისმიერი ძვირფასი ქვის ღირებულების დასადგენად. რაც უფრო ბევრს იწონის ქვა, მით მეტი ღირს ის.
იუველირები ბრილიანტის ზუსტ მასას სპეციალური სასწორით ადგენენ: 1 კარატი=0,2 გრამს. თუმცა თქვენ უსასწოროდაც შეგიძლიათ ქვის წონის გაგება მისი დიამეტრის მეშვეობით.
დაწახნაგება
ძვირფას ქვას სწორედ დაწახნაგება სძენს ელვარებას, სიღრმესა და მომხიბლაობას.
არსებობს დაწახნაგების ბევრი ფორმა. აქედან უნივერსალურად მიიჩნევა „მრგვალი“, ვინაიდან სწორედ მასში ირეკლება და ტყდება ყველაზე მეტი კაშკაშით ქვაში გამავალ სხივთა ნაკადი.
ფერი თუ ელვარება
ძვირფასი ქვის ფერსა და ელვარებას თავად წახნაგების განლაგება განსაზღვრავს, რაც ხდის კიდეც უნიკალურს თვალს.
დაწახნაგების თანამედროვე ფორმა — ძვირფას ქვას ელვარეს ხდის.
დაწახნაგების ძველებური ევროპული ფორმა ხაზს უსვამს ქვის ფერს. სხვათა შორის, ასეთი ბრილიანტი უფრო იაფი ღირს.
მცირე ეშმაკობა
თუ დიდთვლიანი ბეჭდის შეძენა გსურთ, მაგრამ იაფად, მაშინ შეარჩიეთ დაწახნაგება „ვარდი“. ამ დროს ქვას ბრტყელი და ფართო ძირი უკეთდება და მიუხედავად მცირე წონისა, უფრო მსხვილი ჩანს. შესაბამისად, უფრო იაფი ღირს.
გარდა ამისა, „ვარდით“ დაწახნაგებული ქვა უფრო რბილად იჭერს შუქს და ამის გამო უჩვეულოდ ლამაზი ჩანს.
ქვის სიწმინდე
რაც უფრო წმინდა, ანუ უდეფექტოა ბრილიანტი, მით უფრო ძვირფასია ის. თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, თითქოს დეფექტის ან ჩანართების მქონე ქვა ცუდია. ზოგ შემთხვევაში ჩანართები ნაკლი კი არა, პირიქით, ღირსებაც კია ძვირფასი ქვისთვის, ვინაიდან განსაკუთრებულად ირეკლავს შუქს და საინტერესო ეფექტებს ქმნის.
მაგალითად, თუ რაღაც უნიკალურის შეძენა გსურთ, მაშინ ნაცრისფერი ბრილიანტი აირჩიეთ. ეს ნაკლებად წმინდა ქვაა და იუველირები ბევრად იაფს აფასებენ. სამაგიეროდ ის ციმციმა, ფაქტურული, ნატურალური და უბრალოდ, ჯადოსნურია.
დააკვირდით ფერს
რაც უფრო გამჭვირვალეა, უფეროა ბრილიანტი, მით კარგია ის. უმაღლესი ხარისხის ბრილიანტი წყალში ჩადებისას უხილავი ხდება. სწორედ აქედან წარმოიშვა გამოთქმა „წმიდა წყლის ბრილიანტი“.
თანხის დაზოგვა — მსხვილი ბრილიანტი დაბალ ფასად
თუ დიდი ბრილიანტის შედარებით იაფად შეძენა გსურთ, მაშინ ყურადღება გაამახვილეთ ორეოლიან სამკაულზე, ვთქვათ, ბეჭედზე, რომლის ცენტრალური ქვის გარშემო წვრილ-წვრილი თვლებია ჩამწკრივებული.
1-კარატიანი ქვა ორეოლით ისეთივე ზომისა ჩანს, როგორიც ბევრად ძვირადღირებული ორკარატიანი ბრილიანტი. გარდა ამისა, ორეოლი თქვენს სამკაულს დამატებით ელვარებას შესძენს.