თბილისი, 31 იანვარი — Sputnik. შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი მღებრიშვილმა და ბელარუსის საგამოძიებო კომიტეტის თავმჯდომარემ ივან ნოსკევიჩმა მემორანდუმი გააფორმეს, რომელიც დამნაშავეობასთან ერთობლივ ბრძოლას ითვალისწინებს, ნათქვამია სამინისტროს ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.
მემორანდუმი, სხვა დანარჩენთან ერთად, ითვალისწინებს ურთიერთსაინტერესო თემებზე ხელმძღვანელებისა და ექსპერტების სამუშაო შეხვედრებისა და კონსულტაციების ორგანიზებას, ასევე სამართალდამცველი საქმიანობის, დამნაშავეობასთან ბრძოლისა და ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების დაცვის კუთხით საკანონმდებლო და სხვა ნორმატიული სამართლებრივი აქტების ურთიერთგაცვლას.
„ეს მემორანდუმი ჩვენი სახელმწიფოების ტერიტორიებზე დამნაშავეობასთან და კორუფციასთან ბრძოლის ერთობლივი საქმიანობის დასაწყისს წარმოადგენს. ჩვენ სხვა გზა არ გვაქვს, თუ არა ამ მიმართულებით თანამშრომლობა, და, მე ვიტყოდი, რომ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენმა ახალგაზრდა სახელმწიფო ორგანომ – რესპუბლიკის საგამოძიებო კომიტეტმა საქართველოს შსს–ს სახით ამ კუთხით საიმედო პარტნიორი და თანამოაზრე შეიძინა“, — განაცხადა ნოსკევიჩმა.
დამნაშავეობასთან ბრძოლის კუთხით თანამშრომლობის შესახებ ზეპირი შეთანხმება გასული წლის მარტში შედგა, როდესაც მღებრიშვილი მინსკში ვიზიტით იმყოფებოდა.
ნოსკევიჩი თბილისში 30 იანვარს ორდღიანი ვიზიტით ჩამოვიდა. ვიზიტის ფარგლებში ბელარუსის საგამოძიებო კომიტეტის თავმჯდომარე შსს-ს აკადემიასა და გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრ „112“-ს ეწვევა. ის უკვე გაეცნო ერთობლივი ოპერაციების ცენტრის მუშაობას, რომელიც საქართველოში 2016 წლის ოქტომბერში ამოქმედდა.
2016 წლის აგვისტოში საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა ვახტანგ გომელაურმა და ბელარუსის სახელმწიფო უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ ვალერი ვაკულჩიკმა ტერორიზმთან და ტრანსნაციონალურ ორგანიზებულ დამნაშავეობასთან ბრძოლის მემორანდუმი გააფორმეს.