თბილისი, 31 იანვარი — Sputnik. კიევში გაირკვა, სიმღერის საერთაშორისო კონკურსის „ევროვიზია 2017“–ის პირველ და მეორე ნახევარფინალებში რომელი ქვეყნები მოხვდნენ — ღონისძიების პირდაპირი ტრანსლაცია მიმდინარეობდა YouTube–ის არხზე Eurovision Song Contest.
საქართველოს ერგო ადგილი კონკურსის პირველი ნახევარფინალის პირველ ნახევარში, რომელიც 9 მაისს გაიმართება. საქართველოს წარმომადგენელთან თაკო გაჩეჩილაძესთან ერთად ამ დღეს იმღერებენ მონტენეგროს, ფინეთის, პორტუგალიის, ბელგიის, შვედეთის, ალბანეთის, აზერბაიჯანისა და ავსტრალიის მონაწილეები.
გამოსვლების ზუსტ განრიგს შოუს პროდიუსერები მოგვიანებით დაადგენენ. მონაწილე ქვეყნების გამოსვლების განრიგის ზუსტი სია კონკურსის ვებგვერდზეა გამოქვეყნებული.
ღონისძიების ფარგლებში, რომელიც კიევის საქალაქო ადმინისტრაციის სამეფო დარბაზში გაიმართა, სტოკჰოლმის ქალაქის საბჭოს პრეზიდენტმა ევა–ლუიზა ერლანდსონ სლორაკმა კიევის მერს ვიტალი კლიჩკოს „ევროვიზიის“ სიმბოლური გასაღები გადასცა, რომელიც იმ ქალაქების სიმბოლიკას მოიცავს, რომლებშიც მუსიკალური კონკურსი ჩატარდა.
30 იანვარს კიევმა წარადგინა „ევროვიზია 2017“–ის ემბლემა და სლოგანი — "Celebrate Diversity“, რაც უკრაინელებმა თარგმნეს როგორც „პატივს ვცემთ მრავალფეროვნებას“.
კონკურსის ლოგოტიპი ტრადიციული უკრაინული მძივები გახდა, რაც არა მხოლოდ ქალის ყველაზე უძველესი სამკაულია, არამედ თილისმაც.
გასულ წელს „ევროვიზიაზე“ საქართველოს წარმოადგენდა ნიკა კოჩაროვი & Young Georgian Lolitaz, რომელმაც მეოცე ადგილი დაიკავა.
„ევროვიზია 2017“–ის ჩატარების უფლება უკრაინამ სტოკჰოლმში მომღერალ ჯამალას სიმღერით "1944" გამარჯვების წყალობით მოიპოვა. კონკურსის საორგანიზაციო კომიტეტმა „ევროვიზიის“ ჩატარება კიევში გადაწყვიტა. კონკურსის ფინალი 13 მაისს გაიმართება.
წელს კონკურსში 43 ქვეყანა მიიღებს მონაწილეობას — რომელთაც კვლავ შეუერთდნენ პორტუგალია და რუმინეთი, ხოლო ბოსნია–ჰერცეგოვინამ „ევროვიზიაში“ მონაწილეობაზე უარი განაცხადა.