თბილისი, 30 იანვარი — Sputnik. სიმღერის საერთაშორისო კონკურზე „ევროვიზია 2017“ საქართველო თაკო გაჩეჩილაძემ უნდა წარადგინოს. „Sputnik–საქართველომ“ მკითხველს კითხვა დაუსვა, თუ როგორ აფასებენ ისინი შემსრულებლის შანსებს.
კითხვაზე „როგორ შეაფასებთ „ევროვიზია 2017“-ზე თაკო გაჩეჩილაძის შანსებს?“ 40,6%-მა უპასუხა, რომ მას შანსები არ აქვს. ამასთან, გამოკითხულთა 28,1% მიიჩნევს, რომ გაჩეჩილაძეს პირველ ათეულში მოხვედრის შანსები აქვს.
იმაში, რომ საქართველოს წარმომადგენელი ფინალში გასვლას შეძლებს, რესპონდენტების 15,6%-ია დარწმუნებული, ხოლო უფრო მეტად ოპტიმისტური განწყობა აქვს და გამარჯვებაზე ფიქრობს გამოკითხვაში მონაწილეთა 12,5%. კითხვაზე პასუხის გაცემა გაუჭირდა რესპონდენტების 3,1%-ს.
„ევროვიზია 2017“-ზე საქართველოს წარმომადგენლის ვინაობა 20 იანვარს ეროვნულ შესარჩევ კონკურსზე გახდა ცნობილი. თაკო გაჩეჩილაძე „ევროვიზიაზე“ საქართველოს წარადგენს საკუთარი სიმღერით Keep the Faith.
გასულ წელს „ევროვიზიაზე“ საქართველოს წარმოადგენდა ნიკა კოჩაროვი & Young Georgian Lolitaz, რომელმაც მეოცე ადგილი დაიკავა. კონკურსზე გაიმარჯვა უკრაინელმა შემსრულებელმა ჯამალამ სიმღერით "1944". კონკურსის საორგანიზაციო კომიტეტმა „ევროვიზიის“ ჩატარება კიევში გადაწყვიტა. კონკურსის ფინალი 13 მაისს, ხოლო ნახევარფინალები 9 და 11 მაისს გაიმართება.
წელს კონკურსში 43 ქვეყანა მიიღებს მონაწილეობას — რომელთაც კვლავ შეუერთდნენ პორტუგალია და რუმინეთი, ხოლო ბოსნია–ჰერცეგოვინამ „ევროვიზიაში“ მონაწილეობაზე უარი განაცხადა.