თბილისი, 31 იანვარი — Sputnik. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე სამუშაო ვიზიტით ბრიუსელში გაემგზავრა, რომლის ფარგლებში რამდენიმე შეხვედრას გამართავს, მათ შორის ევროკომისრებთან — დიმიტრის ავრამოპულოსთან და იოჰანეს ჰანთან, ნათქვამია უწყების ვებგვერდზე.
ქართული დელეგაცია საქართველოსთან უვიზო მიმოსვლის შესახებ რეგულაციის განხილვასა და კენჭისყრის პროცედურას დაესწრება, რომელიც ევროპარლამენტის პლენარულ სხდომაზე გაიმართება.
ვიზიტის ფარგლებში, ირაკლი კობახიძე და პარლამენტის წევრები შეხვედრებსგამართავენ ევროპარლამენტის თავმჯდომარესთან, ანტონიო ტაიანისთან და ევროპარლამენტში საქართველოსთან უვიზო მიმოსვლის საკითხზე მომხსენებელს, მარია გაბრიელს შეხვდებიან.
გარდა ამისა, დაგეგმილია ევროპარლამენტში შემავალ სხვადასხვა პოლიტიკურ ჯგუფებთან შეხვედრები, მათ შრის ევროპის სოციალისტური პარტიის პრეზიდენტთან, სერგეი სტანიშევთან, კონსერვატორების პოლიტიკური ჯგუფის თავმჯდომარესთან, საიედ კამალთან და სახალხო პარტიის თავმჯდომარის მოადგილესთან, სანდრა კალნიეტესთან.
საპარლამენტო დელეგაციის ვიზიტი 31 იანვარს დაიწყება და 3 თებერვალს დასრულდება.
მიმდინარე წლის იანვარში ევროპარლამენტის სამოქალაქო თავისუფლების, მართლმსაჯულებისა და საშინაო საკითხების კომიტეტმა (LIBE) დაამტკიცა რეგულაციის ცვლილების საბოლოო ტექსტი, რომელიც ითვალისწინებს საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო მიმოსვლის რეჟიმის შემოღებას. აღნიშნული ცვლილების პროექტი შეთანხმდა 2016 წლის 13 დეკემბერს ევროკომისიას, ევროპარლამენტსა და ევროკავშირის საბჭოს შორის.
დადგენილი პროცედურებით, ევროპარლამენტში კენჭისყრის შემდეგ რეგულაცია ფორმალურად უნდა დაამტკიცოს ევროკავშირის საბჭომ მინისტრების დონეზე.
რეგულაცია ევროკავშირის ოფიციალურ ჟურნალში მას შემდეგ გამოქვეყნდება, რაც საკანონმდებლო ცვლილებს ევროპარლამენტის პრეზიდენტი და ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყნის (ნიდერლანდები) წარმომადგენელი მოაწერენ ხელს. რეგულაცია გამოქვეყნებიდან 21 დღეში ამოქმედდება. ექსპერტების პროგნოზით, უვიზო რეჟიმი საქართველოსთვის 2017 წლის აპრილიდან ამოქმედდება — საქართველოს მოქალაქეებს შენგენის ზონის ქვეყნებში 180 დღის მანძილზე 90 დღით ყოფნის შესაძლებლობა ექნებათ.