თბილისი, 31 იანვარი — Sputnik. განვითარების ისლამურმა ბანკმა (Islamic Development Bank, IsDB) შესაძლოა პროექტ „ჩრდილოეთი-სამხრეთში“ ჩართვის საკითხი განიხილოს, განაცხადა ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა საიედ აღამ, იუწყება საინფორმაციო სააგენტო РИА Новости.
პროექტით გათვალისწინებული მარშრუტით ტვირთებმა სულ 14 დღეში უნდა ჩააღწიოს სკანდინავიასა და ჩრდილოეთ ევროპაში ინდოეთის ტერიტორიის, შემდეგ სპარსეთის ყურის, იქიდან ირანის, აზერბაიჯანისა და ბოლოს რუსეთის გავლით. ამჟამად კონტეინერები ირანიდან აზერბაიჯანში სატვირთო ავტომობილებით ჩადის, შემდეგ ასტარის რკინიგზის სადგურზე მატარებლებში იტვირთება და რუსეთისკენ იგზავნება.
„განვითარების ისლამურმა ბანკმა შესაძლოა პროექტ „ჩრდილოეთი-სამხრეთის“ დაფინანსების საკითხი განიხილოს, თუ აზერბაიჯანის მთავრობა შესაბამის მოთხოვნას წარმოადგენს“, — ციტირებს საიედ აღას აზერბაიჯანული საინფორმაციო სააგენტო Trend.
IsDB-ს ვიცე-პრეზიდენტის თქმით, ბანკის ერთ-ერთი უმთავრესი ამოცანაა ბანკის წევრ ქვეყნებს შორის თანამშრომლობის გაღრმავება, რაც მხოლოდ რეგიონული და საინტეგრაციო პროგრამებისა და თანამშრომლობის ფარგლებში შეიძლება მოხერხდეს.
მან ასევე ხაზი გაუსვა, რომ აზერბაიჯანის მთავრობის ხელშეწყობით ბანკმა შეიმუშავა „სპეციალური პროგრამა ცენტრალური აზიისთვის“, რომელიც მოიცავს ყაზახეთს, ყირგიზეთს, თურქმენეთს, უზბეკეთსა და ტაჯიკეთს.
სააგენტოს ინფორმაციით, აღნიშნული „სპეციალური პროგრამის“ საერთო ღირებულება 6 მლრდ აშშ დოლარს შეადგენს და მოიცავს ტრანსპორტის, ენერგეტიკის, სოფლის მეურნეობისა და ვაჭრობის სფეროს პროექტებს, რომელთა განხორციელება 2020 წლამდე პერიოდში იგეგმება.