თბილისი, 31 იანვარი — Sputnik. გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ქვემო ქართლის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა სოფელ სამწვერისის ტერიტორიაზე შველზე უკანონო ნადირობის ფაქტი გამოავლინეს, ნათქვამია უწყების ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.
უწყების მონაცემებით, გარემოს დაცვის სამინისტროს თანამშრომლებმა მოიპოვეს ინფორმაცია, რომ ერთ–ერთი ავტომობილით შვლები გადაჰყავდათ. დევნის განხორციელების შედეგად გაჩერებული ავტომანქანის საბარგულში აღმოჩნდა გატყავებული და დანაწევრებული ორი შველი.
სამართალდამრღვევებმა, რომელთა ვინაობა არ სახელდება, მიმალვა შეძლეს, თუმცა მანქანაში ნაპოვნი მართვის მოწმობისა და სხვა მტკიცებულებების საფუძველზე მოხერხდა მათი ვინაობის დადგენა.
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ავტომანქანა შინაგან საქმეთა სამინისტროს ბოლნისის რაიონულ სამმართველოში გადაიყვანეს და დალუქეს.
გარემოსთვის მიყენებული ზიანის ოდენობამ 10 000 ლარი შეადგინა. საქმის მასალები საქართველოს შსს–ს გადასცეს.
საქართველოში ცხოველებზე ინდივიდუალური ნადირობა აკრძალულია. ნადირობა დაშვებულია მხოლოდ სპეციალურ სანადირო მეურნეობებში, რომლის ლიცენზიას გარემოს დაცვის სამინისტრო გასცემს.