თბილისი, 30 იანვარი — Sputnik. ვაგზლის მოედანზე მდებარე „ბავშვთა სამყაროში“ გაჩენილმა ხანძარმა 13 ათასი კვადრატული მეტრი ფართობი მოიცვა, განაცხადა „Sputnik–საქართველოსთან“ საუბრისას საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს უფროსმა დავით გელაშვილმა.
სახანძრო ბრიგადები ცხრა საათის განმავლობაში ცდილობდნენ ოთხსართულიან შენობაში, რომელშიც „ბავშვთა სამყარო“ და „ოქროს ბირჟაა“ განთავსებული, და შენობის ახლოს მდებარე საბითუმო ბაზრის ტერიტორიაზე ხანძრის ჩაქრობას. ამ დროისთვის ხანძარი, რომელიც ღამით გაჩნდა, ლოკალიზებულია.
„მას შემდეგ, რაც ჩვენთან შეტყობინება შემოვიდა, დაახლოებით 10 წუთში შემთხვევის ადგილზე გავიდნენ ჩვენი ბრიგადები, იწვოდა „ბავშვთა სამყარო“ და შენობის უკან ტერიტორიაზე მდებარე ღია სავაჭრო მოედანი. ხანძარმა 13 ათასი კვ.მ ტერიტორია მოიცვა. ხანძრის ჩასაქრობად მობილიზებული იყო 31 ერთეული სახანძრო ბრიგადა. ამ დროისთვის ხანძარი ლოკალიზებულია და ცალკეულ ადგილებზე ცეცხლის მცირე კერების ჩაქრობა მიმდინარეობს“, — განაცხადა გელაშვილმა.
ამასთან ერთად იყო საშიშროება იმისა, რომ ცეცხლი ბორჯომის ვაგზლის ტერიტორიაზე და მეტროს შესასვლელთან გავრცელებულიყო. საბედნიეროდ, ეს საშიშროება უკვე აღარ არსებობს.
„წარმოქმნილი მაღალი ტემპერატურის გამო შენობის კონსტრუქციის ნაწილი დაზიანდა. რამდენიმე ადგილზე მოხდა ჩამონგრევა. მსუბუქად დაშავდა ერთი მაშველი“, — აღნიშნა გელაშვილმა.
„მე მინანქრის ნივთები მქონდა, რომლებიც დაიწვა, მაგრამ იმედი მაქვს, რომ ოქრო, რომელსაც სეიფში ვინახავდი, გადარჩა. მისი ღირებულება 27-დან 31 ათასამდე დოლარია. ჩემი მაგიდა „ბავშვთა სამყაროს“ შესასვლელთან იდგა“, – განუცხადა „Sputnik–საქართველოს“ ერთ-ერთმა მოვაჭრემ ვალიდა ფანგანმა.
თბილისის მერმა დავით ნარმანიამ მომხდარ ფაქტზე კომენტარისას პასუხისმგებლობა ბაზრობის ადმინისტრაციას დააკისრა.
რა გახდა ხანძრის მიზეზი, ჯერჯერობით უცნობია. შსს-მ უკვე დაიწყო გამოძიება სსკ-ის მუხლით „ნივთის დაზიანება ან განადგურება, ჩადენილი ცეცხლის წაკიდებით, აფეთქებით ან სხვა საყოველთაოდ საშიში საშუალებით“, რაც ისჯება სამიდან ხუთ წლამდე თავისუფლების აღკვეთით.