ძლიერი ხანძარი თბილისში: ხელისუფლება დაზარალებულ მოვაჭრეებს დაეხმარება

© Sputnik / Levan Avlabreliხანძარი ბავშვთა სამყაროში
ხანძარი ბავშვთა სამყაროში - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს ეროვნული ბანკი და ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური დაეხმარებიან მოვაჭრეებს, რომელთა ქონება თბილისში, სადგურის მოედანზე ძლიერი ხანძრის შედეგად დაზიანდა.

თბილისი, 30 იანვარი — Sputnik. საქართველოს პრემიერ–მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ეკონომიკური უწყებების ხელმძღვანელებთან შეხვედრაზე იმ მოვაჭრეების დახმარების აუცილებლობის შესახებ განაცხადა, რომელთაც თბილისში სადგურის მოედანზე ძლიერი ხანძრის შედეგად მატერიალური ზარალი მიადგათ.

კვირას, ღამით შენობაში, რომელშიც „ბავშვთა სამყარო“ და „ოქროს სამყარო“ იყო განთავსებული, ასევე შენობასთან ახლოს მდებარე საბითუმო ბაზრის ტერიტორიაზე ხანძარი გაჩნდა. დაიწვა დაახლოებით 13 ათასი კვადრატული მეტრი. ხანძრის ლიკვიდირება მეხანძრეებმა მხოლოდ ცხრასაათიანი ბრძოლის შემდეგ შეძლეს.

„ბავშვთა სამყაროში“ ხანძრის შედეგად დაზარალებულ მოვაჭრეებს შეძლებისდაგვარად უნდა დავეხმაროთ“, — განაცხადა მთავრობის მეთაურმა.

შეხვედრაზე, რომელშიც ეროვნული ბანკის პრეზიდენტი კობა გვენეტაძეც მონაწილეობდა, გადაწყდა, რომ მოვაჭრეებს დახმარება სხვადასხვა მიმართულებით გაეწევათ.

მოქალაქეებს, რომლებსაც ხანძრის გამო საქონელი დაეწვათ, მაქსიმალურ შეღავათს გაუწევს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური.

ხანძარმა ბავშვთა სამყარო გაანადგურა - Sputnik საქართველო
ძლიერი ხანძარი თბილისში: „ბავშვთა სამყაროს“ დირექცია ზარალს აანაზღაურებს

ეროვნული ბანკი უშუამდგომლებს საფინანსო ინსტიტუტებთან, რათა შესაძლებელი გახდეს დაზარალებულთა საბანკო ვალდებულებების გადავადება.

კვირიკაშვილის განცხადებით, მნიშვნელოვანია ყველა შესაბამისი ინსტიტუტის ძალისხმევის კონსოლიდაცია, რათა დაზარალებულებს ტვირთი მაქსიმალურად შეუმსუბუქდეთ.

ფინანსთა მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა შეხვედრისას აღნიშნა, რომ დაზარალებულთა საჭიროებების გასაცნობად შემოსავლების სამსახურის სპეციალური სამუშაო ჯგუფი ადგილზე გაესაუბრა დაზარალებულ მოქალაქეებს. უწყებამ მოვაჭრეთა ინტერესების გათვალისწინებით ზომები მიიღო.

ხანძრის შედეგად „ბავშვთა სამყაროს“ შენობა მთლიანად დაიწვა. ცეცხლმა დააზიანა შენობის კონსტრუქცია, რის შედეგადაც შიდა კედლები ნაწილობრივ ჩამოინგრა. კვლავ შენარჩუნებულია შენობის მთლიანად ჩამონგრევის საფრთხე.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ დაიწყო გამოძიება სსკ-ის მუხლით „ნივთის დაზიანება ან განადგურება, ჩადენილი ცეცხლის წაკიდებით, აფეთქებით ან სხვა საყოველთაოდ საშიში საშუალებით“, რაც ისჯება სამიდან ხუთ წლამდე თავისუფლების აღკვეთით.

ყველა ახალი ამბავი
0