თბილისი, 30 იანვარი — Sputnik. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნული არქივი ერთ-ერთი სახარების ახალ აღწერილობაზე მუშაობს. როგორც გაირკვა, ხელნაწერი, ძირითადად, პალიმფსესტური (ეტრატის გადარეცხვის შემდეგ საწერად ხელმეორედ გამოყენებული ფურცლები) ფურცლებისაგან შედგება, რომელთაგან უძველესი IX-X საუკუნეებით თარიღდება.
როგორც ეროვნული არქივის სამეცნიერო განყოფილების უფროსმა ქეთევან ასათიანმა „Sputnik–საქართველოს“ განუცხადა, ხელნაწერი ეროვნულ არქივში 1924 წელს თორტიზის მონასტრიდან მოხვდა. სახარება შესრულებულია ეტრატზე და საუცხოო მინიატურებით გამოირჩევა. იგი საზოგადოების განსაკუთრებული შესწავლის საგანი აქამდე არასდროს გამხდარა.
სახარება შეიცავს დაახლოებით XIV საუკუნეში მოხატულ მინიატურებსა და თავსამკაულებს.
ქეთევან ასათიანი:
ეროვნულ არქივში სახარება 1924 წელს თორტიზის მონასტრიდან მოხვდა. საქართველო ახალი გასაბჭოებული იყო, სპეციალური კომისიები მუშაობდა, უპატრონოდ დარჩენილი ტაძრებიდან აგროვებდნენ ქართულ სიმდიდრეებს, ჩვენს ქონებას, შემდეგ კი ეს ყველაფერი მუზეუმებში და არქივებში ინახებოდა. სწორედ ამ პერიოდში მოხვდა ეს სახარება ეროვნულ არქივში.
– როგორი ხელნაწერია? როგორ არის შესრულებული?
— ძალიან მნიშვნელოვანი ხელნაწერია. თავიდან ბოლომდე არის ეტრატი, შესრულებულია ძირითადად ნუსხური დამწერლობით, ხოლო ნაწილი მხედრულით, გამოირჩევა საუცხოო მინიატურებით. სახარება გაფორმებულია მახარებლების მინიატურებით. ეს მინიატურები არის დაახლოებით XIV საუკუნის.
მასზე ოდესღაც იყო ძველი ტექსტი, შემდეგ გადაიფხიკა და ახალი ტექსტით დაიწერა ზედ. ასე მოაღწია ჩვენამდე უძველესმა ტექსტებმა.
ხელნაწერის პალიმფსესტური ფურცლები არის როგორც ორფენიანი, ისე სამფენიანი. ზედა ორი ფენა ნაწერია ნუსხურით, ხოლო ქვედა, მესამე ფენა ასომთავრულით. ზედა ორივე ტექსტი გიორგი მთაწმინდელის სახარებაა, ხოლო ქვედა მესამე ფენის იდენტიფიკაცია ჯერ კიდევ მიმდინარეობს. ამაზე მიმდინარეობს მუშაობა და იმედი მაქვს ზაფხულისთვის მივიღებთ ინფორმაციას.
ხელნაწერი ამჟამად ნომინირებულია UNESCO-ს მსოფლიო მეხსიერების საერთაშორისო რეესტრში შესატანად.
ხელნაწერთა ახალი აღწერილობის პროექტი ეროვნულ არქივში 2014 წელს დაიწყო და მისი მიზანია განაახლოს ინფორმაცია, რომელიც ეროვნულ არქივში დაცულ 1000-მდე ხელნაწერს შეეხება. 2016 წელს პროექტის ფარგლებში 100 ხელნაწერის აღწერილობა გამოიცა. ამჟამად მიმდინარეობს მუშაობა აღწერილობების მეორე ტომზე, ნათქვამია ეროვნული არქივის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.