ნიკოლოზ ანთიძე: მსოფლიო მემკვიდრეობის ცენტრს გარკვეული სიმპათიები აქვს ჩვენ მიმართ

გამოწერა
„Sputnik-საქართველოს“ სტუმარია საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორი ნიკოლოზ ანთიძე, რომელიც მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლთა ნუსხაში შესულ ქართულ ძეგლებზე გვესაუბრა. მან გასული წელიც შეაფასა და სამომავლო გეგმებიც გაგვიზიარა.

— პირველ რიგში, მინდა გასული წელი შევაფასო, რომელიც ძალიან წარმატებული იყო კულტურული მემკვიდრეობის თვალსაზრისით, განსაკუთრებით, საერთაშორისო ასპარეზზე. ეს გამოიხატა იმაში, რომ შარშან ძალიან დიდი შრომის შედეგად მოხერხდა და ქალაქი მცხეთა, რომელიც 2009 წლიდან მსოფლიო მემკვიდრეობის საფრთხის ქვეშ მყოფ ძეგლთა ნუსხაში შედიოდა, ძირითად ნუსხას დაუბრუნდა. საკმაოდ რთული გზა გავიარეთ, მაგრამ, საბედნიეროდ, შედეგსაც მივაღწიეთ.

© Mtskheta Municipality City Hallმცხეთა
მცხეთა - Sputnik საქართველო
მცხეთა

გარდა ამისა, ჩვენ ვმუშაობთ გელათის სამონასტრო კომპლექსის საზღვრების მოდიფიკაციაზე, რომელიც წელს განისაზღვრება და შემდეგ კომიტეტის სხდომაზე განიხილება.

არამატერიალური კუთხითაც საკმაოდ დიდ შედეგს მივაღწიეთ: ქართული ანბანის სამი სახეობის ცოცხალი კულტურა მსოფლიო მემკვიდრეობის არამატერიალურ ძეგლთა ჩამონათვალში შევიდა, რაც, ვფიქრობ, კულტურული მემკვიდრეობის დარგში ერთ–ერთი ყველაზე დიდი წარმატებაა ბოლო რამდენიმე ათწლეულის განმავლობაში.

— რა მოლოდინი გაქვთ 2017 წლისთვის?

– ვფიქრობ, 2017 წელიც გარკვეულწილად გამოკვეთილი იქნება. გარდა იმისა, რომ, როგორც უკვე გითხარით, ვმუშაობთ გელათის საზღვრების მოდიფიკაციაზე, ასევე ვმუშაობთ მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლების სიაში ქართული ჭიდაობის  წარდგენაზე. იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლთა კომიტეტის დახმარებით კი ვმუშაობთ პროგრამაზე და აგიხსნით, რას გულისხმობს ის:

ჩვენი მეშვეობით მსოფლიო ბანკი და იუნესკოს კომიტეტი გახდნენ პარტნიორი ორგანიზაციები. სამუშაოები კონტრაქტითაა გათვალისწინებული. მსოფლიო ბანკი გარკვეულ თანხებს უხდის იუნესკოს კომიტეტს იმისთვის, რათა საქართველოში წინასწარ გადაიხედოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლთა ჩამონათვალში წარსადგენი ძეგლების სია და გაგვიწიონ რეკომენდაცია, თუ რომელი ძეგლია დღეს მზად იმისთვის, რომ დავიწყოთ მუშაობა მის წარდგენაზე. ეს საკმაოდ პოზიტიური ფაქტია. ამით ბევრი ქვეყანა არ არის განებივრებული. სავარაუდოდ, თვის ბოლოს უკვე გვექნება წინასწარი ნუსხის რეკომენდაციები.

ნოქალაქევი - Sputnik საქართველო
ნოქალაქევის აღდგენაზე 14 მილიონი ლარია გამოყოფილი

რაც შეეხება სხვა პროექტებს, ეროვნულ დონეზეც ბევრი ახალი პროექტი დაიწო. მინდა გამოვყო ნოქალაქევის რეაბილიტაციის პროექტი, რომელიც დიდი მასშტაბებისაცაა და ამავდროულად მრავალწლიანიც. ფიზიკური სამუშაოების პირველი ეტაპი 2016 წლის ბოლოს შესრულდა, წელს კი სარეაბილიტაციო სამუშაოები გაგრძელდება. ამაში ასევე იგულისხმება ახალი მუზეუმის მშენებლობა და სხვა მრავალი.

გარდა ამისა, ჩვენ ძალიან აქტიურად ვმუშაობთ პროექტზე, რომელიც გულისხმობს ენგურჰესის, როგორც ინდუსტრიული მემკვიდრეობის ეროვნული მნიშვნელობის ძეგლის განვითარებას, ტურისტულ ატრაქციად ქცევას. ამ პროექტით ხელი შეეწყობა რეგიონის ტურისტული პოტენციალის ზრდას.

2016 წელს დაიწყო კუმურდოს ტაძრის რეაბილიტაცია, რაც მრავალი თაობის ოცნება იყო, აწყურის ტაძრის რეაბილიტაცია, რომელსაც დიდი მონდომებით ელოდებოდა ქართული საზოგადოება. ფართო ფაზაში შევიდა დადიანების სასახლის რეაბილიტაცია. ფონდ „ქართუს“ დახმარებით სააგენტოს მიერ მომზადდა დადიანების ბოტანიკური ბაღის სრული რეაბილიტაციის პროექტი, რომელიც სრულფასოვნად აღდგება… არ მინდა, რომელიმე გამომრჩეს. მე აქ ვსაუბრობ პრიორიტეტულ მეგა-პროექტებზე.

© photo: Sputnik / Besik Pipiaგელათის მონასტერი
გელათის მონასტერი - Sputnik საქართველო
გელათის მონასტერი

ამ ყველაფრის პარალელურად მუდმივად მიმდინარეობს უმნიშვნელოვანესი ძეგლების რეაბილიტაციის პროგრამა: ატენის სიონის, მეტეხის, მცხეთის მცირე ჯვრისა… არ ჩერდება არც რეგიონული მნიშვნელობის ძეგლების რეაბილიტაციის პროცესი, რაშიც ძალიან აქტიურადა ჩართული ფონდი „ქართუ“.

2016 წელს დავასრულეთ კულტურული მემკვიდრეობის კოდექსზე მუშაობა, რომელიც მთელ რიგ არასამთავრობო, საზოგადოებრივ დაწესებულებებში დავაგზავნეთ, რათა მათგან გარკვეული შენიშვნები თუ რეკომენდაციები მივიღოთ. მერე კი ამ დოკუმენტის საჯარო განხილვები დაიწყება, რათა 2017 წელს კულტურული მემკვიდრეობის კოდექსი პარლამენტის მეშვეობით ძალაში შევიდეს.

წელსვე ველოდებით, რომ იუნესკოს სამთავრობოთაშორისი მრჩეველი ორგანიზაცია „იკრომი“ მოგვიმზადებს სასწავლო ტრეინინგ-პლატფორმას, რაც სამომავლოდ ჩვენ დარგში მომუშავე ადამიანების კვალიფიკაციას გააღრმავებს. ეს გარკვეულწილად განათლებასთან მიბმული პროცესია.

აი, ამ საკითხებით ვართ დაკავებული და ვაგრძელებთ მუშაობას ამ მიმართულებებით.

ქართული ალფავიტი - Sputnik საქართველო
ქართული ანბანი იუნესკოს კულტურული მემკვიდრეობის სიაში შეიტანეს

— თითოეული ის ძეგლი, რაც ჩამოთვალეთ, რამდენად მნიშვნელოვანია ქართული საზოგადოებისთვის?

— ეს ძალიან მნიშვნელოვანი კითხვაა. შემიძლია გითხრათ, რატომ შეირჩა ეს ძეგლები და არა სხვა. ჩვენ აქცენტი, პირველ რიგში, კომპლექსურ ძეგლებზე გვაქვს გაკეთებული. თქვენ იცით, რომ მიმდინარეობს მუცოსა და ასევე ჩაჟაშის (თემი მესტიის მუნიციპალიტეტში) რეაბილიტაცია, რომელიც მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლთა ნუსხაში შესული უშგულის ნაწილია. ეს ორი ძეგლი, უპირველესად, იმ ნიშნითაა შერჩეული, რომ გაიზარდოს ტურისტული პოტენციალი, დასაქმდეს ადგილობრივი მოსახლეობა — როგორც სარეაბილიტაციო პროცესში, ისე მისი დამთავრების შემდეგაც.

მუცოში, სანამ რეაბილიტაცია დაიწყებოდა, ერთი ადამიანი ცხოვრობდა, დღეს უკვე ოთხი ოჯახი ცხოვრობს — სწორედ ამ სარეაბილიტაციო სამუშაოებმა შეუწყო ხელი მთაში რამდენიმე ოჯახის დაბრუნებას.

ასევე ძალიან მნიშვნელოვანია როგორც მეტეხის, ანჩისხატისა თუ სხვა მრავალი ძეგლის, ისე ნოქალაქევისა და კუმურდოს რეაბილიტაციებიც — მათი ისტორიული შინაარსიდან გამომდინარე.

ჩვენ მუშაობა გავაფართოეთ კულტურული არქეოლოგიის მიმართულებით. აქამდე არქეოლოგია გარკვეულწილად მიბმული იყო რაღაც ახალ მშენებლობებზე. ანუ, არქეოლოგიური გათხრები მხოლოდ მას შემდეგ იწყებოდა, თუ სადმე მშენებლობისას რამეს აღმოაჩენდნენ. ჩვენ უარი ვთქვით ამგვარ მიდგომაზე და ვაცხადებთ, რომ არქეოლოგიას სჭირდება მეტი ყურადღება.

შარშან სააგენტოსა და სახელმწიფოს დაფინანსებით 21 არქეოლოგიური ექსპედიცია მუშაობდა ქვეყნის მასშტაბით. წელსაც უმნიშვნელოვანესი ახალი აღმოჩენა გვაქვს ივრის ნაპირზე, რომლის არქეოლოგიური შესწავლა სულ მალე დაიწყება.

— რამდენად მაღალი შეფასება ეძლევა ამ ყველაფერს იუნესკოში?

— შეფასებაა, როდესაც მცხეთა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა ძირითად ნუსხაში დააბრუნეს. ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენ მიდგომებს ისინი პოზიტიურად აფასებენ. იუნესკოს ექსპერტები ჩართული არიან ჩვენი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა წინასწარი ნუსხის შედგენაში, რაც უკვე ხაზს უსვამს იმას, რომ მსოფლიო მემკვიდრეობის ცენტრს გარკვეული სიმპათიები გააჩნია ჩვენ მიმართ.

ყველა ახალი ამბავი
0