თბილისი, 11 სექტემბერი — Sputnik. ნოქალაქევის მუზეუმ-ნაკრძალს აღდგენითი სამუშაოები ჩაუტარდება, რომელიც მთლიანობაში 14 მილიონი ლარი დაჯდება. სარეაბილიტაციო თანხა მთლიანად სახელმწიფომ გამოყო, იუწყება საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს პრესსამსახური.
ნოქალაქევის მუზეუმ-ნაკრძალის რეაბილიტაცია 2020 წელს დასრულდება.
დღეისათვის ადგილზე მხოლოდ არქეოლოგიური მუზეუმი ფუნქციონირებს, რომელშიც ნოქალაქევის ტერიტორიაზე აღმოჩენილი, ძველი წელთაღრიცხვის II ათასწლეულიდან ჩვენი წელთაღრიცხვის XIX საუკუნის პერიოდამდე დათარიღებული არტეფაქტებია წარმოდგენილი.
ნოქალაქევში კულტურის მინისტრი მიხეილ გიორგაძე და საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს დირექტორი ნიკოლოზ ანთიძე იმყოფებოდნენ. მათ დაათვალიერეს მუზეუმი და სარეაბილიტაციო პროექტის პრეზენტაცია გამართეს.
წელს ნოქალაქევის აღდგენით სამუშაობზე 1,3 მლნ ლარი დაიხარჯება.
ნოქალაქევი — ძველბერძნულად არქეოპოლისი, რაც სიტყვასიტყვით ძველ ქალაქს ნიშნავს. აქედან მოდის მისი ქართული სახელი ნოქალაქევი, ანუ ნაქალაქევი. ქართულ ისტორიულ წყაროებში მოხსენიებულია როგორც ციხე-გოჯი. მდებარეობს სამეგრელოში, სენაკის მუნიციპალიტეტში, ტეხურის მარცხენა სანაპიროზე. სავარაუდოდ ნოქალაქევის ტერიტორიაზე მდებარეობდა მითიური ქალაქი აია, საიდანაც არგონავტებმა ოქროს საწმისი გაიტაცეს.