თბილისი, 30 იანვარი — Sputnik. უამინდობა ისევ ქმნის პრობლემებს დასავლეთ საქართველოში — დიდთოვლობამ ელექტროგადამცემი ხაზები დააზიანა, რის გამო აჭარაში 5000–ზე მეტი აბონენტი უშუქოდ დარჩა.
ელექტროგამანაწილებელი კომპანიის Energo-Pro Georgia–ს ინფორმაციით, ტექნიკური ბრიგადები საგანგებო რეჟიმში მუშაობენ. აჭარის გარდა, ელექტროენერგია შეზღუდულად მიეწოდება სამეგრელო–ზემო სვანეთისა და იმერეთის ზოგიერთ რაიონსაც.
„ყველა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან ობიექტსა და რაიონულ ცენტრს ელექტროენერგია სტაბილურად მიეწოდება“, — აღნიშნეს კომპანიაში.
თოვლის გაწმენდითი ინტენსიური სამუშაოები მიმდინარეობს გზებზე ხულოს, შუახევის, ქედას, ხელვაჩაურისა და ქობულეთის რაიონში. აჭარის მაღალმთიან რაიონებში თოვლის საფარის სიმაღლემ ორ მეტრს გადააჭარბა, იუწყებიან ავტონომიური რესპუბლიკის ვებგვერდზე.
უამინდობის გამო სკოლებში სასწავლო პროცესი შეჩერდა. ხულოს რაიონში დაიკეტა 15 სკოლა, შუახევში — 11, ქედაში — 15, ხელვაჩაურში —16, ქობულეთში — 19. აღსაზრდელების მიიღება ვერ შეძლო რეგიონის საბავშვო ბაღების უმრავლესობამაც.
ინტენსიური გაწმენდითი სამუშაოები ბათუმის ქუჩებშიც გრძელდება. მუშაობს სპეცტექნიკა. ქალაქის მერიის ინიციატივით, გაწმენდით სამუშაოებში 50–მდე სპორტსმენია ჩართული.
უამინდობის გამო მესამე დღეა დაკეტილი ალექსანდრე ქართველის სახელობის ბათუმის საერთაშორისო აეროპორტი. ასევე მეორე დღეა პარალიზებული ბათუმისა და ფოთის პორტები.