თბილისი, 30 იანვარი — Sputnik. საქართველოს ხელისუფლება გარკვეული პირობების შემთხვევაში შეძლებს რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენის საკითხს შეეხოს, განუცხადა „Sputnik–საქართველოს“ რუსეთთან ურთიერთობების მოგვარების საკითხებში საქართველოს პრემიერის სპეციალურმა წარმომადგენელმა ზურაბ აბაშიძემ.
საქართველოსა და რუსეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობები თბილისმა 2008 წელს მოსკოვის მიერ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის დამოუკიდებლობის აღიარების საპასუხოდ გაწყვიტა.
„ჩვენი პოზიცია უცვლელია. დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენის საკითხი არ განიხილება, რამდენადაც იგი პირდაპირ არის დაკავშირებული საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასთან. თუ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში კონფლიქტების გადაჭრის ჭრილში მიღწეული იქნება სერიოზული წინსვლა, სერიოზული პროგრესი, რაღაც ეტაპზე ეს საკითხი (რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენა — რედ.) შეიძლება დღის წესრიგშიც გამოჩნდეს“, — განაცხადა აბაშიძემ.
ამ დროისთვის თბილისი მზად არ არის ამ საკითხის განსახილველად, აღნიშნა დიპლომატმა.
„ახლა არანაირი პროგრესი, წინსვლა არ არის, ამიტომ ეს საკითხი არ განიხილება. და ამას ჩვენი რუსი კოლეგები კარგად ხვდებიან“, — განაცხადა აბაშიძემ.
ამჟამად ქვეყნებს შორის დიალოგი მხოლოდ ჟენევის დისკუსიებისა და აბაშიძისა და კარასინის რეგულარული შეხვედრების ფარგლებში წარმოებს.
აბაშიძე-კარასინის შეხვედრები 2008 წელს დიპლომატიური ურთიერთობების გაწყვეტის შემდეგ საქართველოსა და რუსეთს შორის არაფორმალური დიალოგის ფორმატს წარმოადგენს. მოლაპარაკებები მხოლოდ ჰუმანიტარულ და ეკონომიკურ საკითხებზე მიმდინარეობს, აღნიშნული პროექტი პოლიტიკური საკითხების განხილვას არ ითვალისწინებს.
გიორგი კვირიკაშვილის მეთაურობით საქართველოს მთავრობის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი რუსეთთან ურთიერთობების ნორმალიზებაა, ამასთან საქართველო პროდასავლური პოლიტიკის გატარებას განაგრძობს.