თბილისი, 29 იანვარი — Sputnik. საქართველოს შეიარაღებული ძალების II ქვეითი ბრიგადის გაძლიერებული ასეული ავღანეთიდან სამშობლოში უდანაკარგოდ დაბრუნდა, იუწყება თავდაცვის სამინისტროს პრეს-სამსახური.
ქართველ სამხედროებს თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია ალექსეევკის აეროპორტში დახვდა და ჯარისკაცებს სამშობლოში დაბრუნება პირადად მიულოცა.
„დღეს დანაკარგის გარეშე, უვნებლად დაგვიბრუნდა II ქვეითი ბრიგადის გაძლიერებული ასეული. მათ გამოიჩინეს სიმამაცე, პროფესიონალიზმი, როდესაც გერმანიის საკონსულოზე თავდასხმის დროს მაზარ-ი-შარიფში იმოქმედეს ძალიან ოპერატიულად და ამ ქმედებების შედეგად გადაარჩინეს ადამიანების სიცოცხლე. ნატოს შტაბ-ბინაში ნატოს გენერალური მდივნისგან პირადად მოვისმინეთ მადლობის სიტყვები. ნატოს წევრი ყველა ქვეყანა აღიარებს ჩვენს პროფესიონალიზმს“, - აღნიშნა თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ.
II ქვეითი ბრიგადის გაძლიერებული ასეული „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიის ფარგლებში ავღანეთის ჩრდილოეთით, მაზარ-ი-შარიფში მდებარე სამხედრო ბაზა "მარმალზე" სწრაფი რეაგირების ამოცანებს ასრულებდა.
ქართულმა ქვედანაყოფმა რამდენიმე მნიშვნელოვანი ოპერაცია განახორციელა და სამშვიდობო მისიის შესრულების დროს თავი გამოიჩინა. მათ შორის, 2016 წლის 10 ნოემბერს მაზარ-ი-შარიფში გერმანიის საკონსულოზე თავდასხმისას ქართულმა ასეულმა უსაფრთხოების უზრუნველყოფა ეფექტურად შეძლო და ამოცანა წარმატებით განახორციელა. ქართველმა სამხედროებმა ავღანეთში წარმატებით ჩატარებული ოპერაციებისთვის გერმანული სარდლობისგან მაღალი შეფასებები მიიღეს.
II ქვეითი ბრიგადის გაძლიერებული ასეული ავღანეთში როტაციის წესით I ქვეითი ბრიგადის ასეულმა ჩაანაცვლა.