თბილისი, 6 ნოემბერი – Sputnik. საქართველოს თავდაცვის სამინისტროში თავდაცვის მინისტრ ლევან იზორიასა და ავღანეთში მიმდინარე „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიის მეთაურის, გენერალ ჯონ ნიკოლსონის შეხვედრა გაიმართა.
საქართველოს თავდაცვის უწყების ხელმძღვანელმა გენერალ ნიკოლსონს მადლობა გადაუხადა აშშ-ის მხრიდან მტკიცე პოლიტიკური და პრაქტიკული მხარდაჭერისთვის.
შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს თავდაცვის სფეროში არსებული თანამშრომლობის საკითხები, ასევე „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიაში ქართველი სამხედროების ჩართულობა.
ქართული მხარის განცხადებით, საქართველო აქტიურად გააგრძელებს საერთაშორისო მშვიდობისა და სტაბილურობის მხარდაჭერას როგორც ევრო-ატლანტიკურ სივრცეში, ასევე მის გარეთ, იუწყება თავდაცვის სამინისტროს პრეს–სამსახური.
ლევან იზორიამ აღნიშნა, რომ ქართველი ჯარისკაცები ოპერატიულ საქმიანობას ავღანეთში სწორედ გენერალ ნიკოლსონის სარდლობით ახორციელებენ.
„მინდა დიდი მადლიერება გამოვხატო იმ თანამშრომლობისთვის, რომელსაც ჩვენ ამერიკული მხრიდან ვგრძნობთ როგორც ავღანეთში, ისე საქართველოში“, – განაცხადა თავდაცვის მინისტრმა.
იზორიას განცხადებით, მათ თანამშრომლობის ძალზე საინტერესო ფორმატი დაგეგმეს – საქართველოს მზადყოფნის პროგრამა, რომლის განხორციელებაში გენერალმა ნიკოლსონმა მხარდაჭერის პირობა დადო.
გენერალმა ჯონ ნიკოლსონმა, თავის მხრივ, საქართველოს შეიარაღებულ ძალებს ავღანეთის ოპერაციაში მონაწილეობისთვის მადლობა გადაუხადა და ქართველ სამხედროებს ღირსეული პარტნიორები უწოდა.
„ქართველი სამხედროების მეთაურობა ჩემთვის ღირსების საკითხია… მინდა მადლობა გადავუხადო ქართველ ხალხს უდიდესი მსხვერპლისა და შეერთებული შტატებისა და ნატოს მხარდაჭერისთვის ავღანეთში. აშშ საქართველოს გვერდით იდგება“, — აღნიშნა გენერალმა ჯონ ნიკოლსონმა.
შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე ლელა ჩიქოვანი, გენერალური შტაბის უფროსი, გენერალ-მაიორი ვახტანგ კაპანაძე და გენერალური შტაბის უფროსის პირველი მოადგილე, ბრიგადის გენერალი ვლადიმერ ჩაჩიბაია.
„მტკიცე მხარდაჭერის“ მისიის მეთაურის ვიზიტი საქართველოში ხვალ დასრულდება.
„მტკიცე მხარდაჭერა“ (Resolute Support) ნატოს არასაომარი მისიაა, რომელიც ავღანეთის სამთავრობო ძალების სწავლებასა და დახმარებას ითვალისწინებს. მისია აშშ–ისა და მისი მოკავშირეების საომარი სტადიის დასრულების შემდეგ, 2015 წლის 1 იანვრიდან ამოქმედდა. ამჟამად ნატოს მისიაში 870 ქართველი სამხედრო მონაწილეობს.