თბილისი, 29 იანვარი — Sputnik. იმ შემთხვევაში, თუ ეროვნული ვალუტის კურსი დაეცემა, პურპროდუქტების მწარმოებლები იძულებული იქნებიან, პროდუქციის ფასი გაზარდონ, განუცხადა კომპანია „იფქლის“ გენერალური დირექტორის მოადგილე ბაქარ ბაკურაძემ ჟურნალისტებს.
იანვრის პირველ ნახევარში გამყარების შემდეგ, ლარის კურსმა აშშ დოლართან მიმართებით ვარდნა დაიწყო და 10 დღეში თითქმის 2%–ით დაეცა. საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ლარის კურსი აშშ დოლართან მიმართებით 28 იანვრიდან დაადგინა – 2,7021 GEL/$1.
„მაქსიმალურად ვცდილობთ, შევინარჩუნოთ არსებული ფასი. არსებობს გარკვეული მარაგი და ამის ხარჯზე ვცდილობთ ფასის შენარჩუნებას. მაგრამ ეს მარადიულად ვერ გაგრძელდება… თუ ვალუტის კურსი კვლავ მოიმატებს და გაგრძელდება ფასების მატება სხვადასხვა ინგრედიენტზე, მაშინ იძულებული გავხდებით, პურზე ფასები გავზარდოთ“, – განაცხადა ბაკურაძემ.
მისი თქმით, ლარის კურსის ვარდნის გამო პურის გამოცხობისთვის საჭირო ყველა ინგრედიენტზე ფასმა მოიმატა, რაც, საბოლოოდ, მოსახლეობისთვის პროდუქტის ღირებულებაზე აისახება. რამდენით შეიძლება გაძვირდეს პურის ფასი, ამ ეტაპზე რთული სათქმელია, რამდენადაც ეს კურსზეა დამოკიდებული, აღნიშნა ბაკურაძემ.
ამჟამად პურის ფასი, წონის, ხარისხისა და მწარმოებლის მიხედვით, 50 თეთრიდან იწყება.
საქართველოში ლარის კურსი თავისუფალია და დამოკიდებულია სავალუტო ბაზარზე განწყობებზე, აჟიოტაჟზე ან გარე ფაქტორებზე.
ოპოზიციური პარტიები მიიჩნევენ, რომ ეროვნულმა ბანკმა ლარის კურსი უნდა გააკონტროლოს. ისინი ეროვნულ ბანკსა და მთავრობას არასწორ პოლიტიკაში ადანაშაულებენ, რაც ინვესტორებს აფრთხობს.
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი კობა გვენეტაძე, თავის მხრივ, ამტკიცებს, რომ ქვეყნის მთავარ ფინანსურ ინსტიტუტს ფასების მატების შეჩერების ყველა ბერკეტი გააჩნია, თუ ისინი მიზნობრივ მაჩვენებელს გადააჭარბებს. ინფლაციის მიზნობრივი მაჩვენებელი 2017 წელს 4%–ს შეადგენს.