კვირიკაშვილს დოლარზე დამოკიდებულების შემცირების გეგმის იმედი აქვს

© FB / Giorgi Kvirikashviliმთავრობის სხდომა
მთავრობის სხდომა - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ფინანსთა მინისტრს დაავალა, მოსახლეობას იპოთეკური კრედიტების კონვერტაციასთან დაკავშირებული ყველა პროცედურა დეტალურად განუმარტოს.

თბილისი, 11 იანვარი — Sputnik. საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ვარაუდობს, რომ უცხოურ ვალუტაში აღებული იპოთეკური კრედიტების ლარში გადაყვანა უფრო დაბალი კურსით მოსახლეობის დოლარზე დამოკიდებულების შემცირებას შეუწყობს ხელს.

იპოთეკური სესხების კონვერტაციის პროგრამა საქართველოს მთავრობამ ქვეყნის ეროვნულ ბანკთან ერთად შეიმუშავა. მას ოთხშაბათს მთავრობის სხდომაზე დაამტკიცებენ. იპოთეკური კრედიტების ლარში გადაყვანის ერთჯერადი სქემის განხორციელება 17 იანვრიდან დაიწყება.

„ეს არის ძალიან სწორი პროცესი, რომელიც მიზნად ისახავს ჩვენი მოსახლეობის და ასევე საფინანსო სექტორის დამოკიდებულების თანდათანობით შემცირებას დოლარზე და, ვფიქრობთ, ეს იქნება ძალიან წარმატებული პროექტი“, — განაცხადა კვირიკაშვილმა.

პრემიერ-მინისტრმა ფინანსთა მინისტრს დაავალა, მოსახლეობას იპოთეკური კრედიტების კონვერტაციასთან დაკავშირებული ყველა პროცედურა დეტალურად განუმარტოს.

ლარი - Sputnik საქართველო
უცხოურ ვალუტაში აღებული კრედიტების კონვერტაცია 17 იანვრიდან დაიწყება

იპოთეკური კრედიტების კონვერტაცია საქართველოს მთავრობის მიერ შემუშავებული ქვეყნის ეკონომიკის დოლარიზაციის დონის დაწევისა და ეროვნული ვალუტის კურსის მხარდაჭერის გეგმის ნაწილია.

სახელმწიფოს მიერ სუბსიდირება ეხება 2015 წლის 1 იანვრამდე გაცემულ, უძრავი ქონებით უზრუნველყოფილ, ფიზიკური პირის აშშ დოლარში საბანკო სესხის ძირითადი თანხის დავალიანებას ან მის ნაწილს (არაუმეტეს 100 ათასი ლარისა), რომლის ნარჩენი ღირებულება არ აღემატება 2015 წლის 1 იანვრისთვის არსებული ძირითადი თანხის 90%-ს.

ამასთანავე ეროვნული ბანკი მიუთითებს, რომ სუბსიდირება განხორციელდება მხოლოდ 100 ათასი ლარის საზღვრებში, დანარჩენი თანხა მოვალეს შეუძლია აშშ დოლარში დატოვოს, ან ლარში გადაიყვანოს თავისი შეხედულებისამებრ.

პროგრამაში მონაწილეობა ნებაყოფლობითია. სესხების ლარში გადაყვანა მოხდება კურსით — ლარის არსებულ ოფიციალურ გაცვლით კურსს გამოკლებული 20 თეთრი. 11 იანვრისთვის ლარის კურსი აშშ დოლარის მიმართ არის 2,7403 GEL/$1.

ყველა ახალი ამბავი
0