თბილისი, 29 იანვარი – Sputnik. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა თურქეთის სამი მოქალაქე და საქართველოს ერთი მოქალაქე ორგანიზებული ჯგუფის მიერ ჩადენილი გამოძალვის, ძარცვის და თავისუფლების უკანონო აღკვეთის ბრალდებით დააკავეს, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
სამართალდამცველებმა 1993 წელს დაბადებული ე.ბ, 1988 წელს დაბადებული ს.ბ, 1977 წელს დაბადებული ფ.ე. და 1983 წელს დაბადებული მ.მ. ბათუმში დააკავეს.
გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულებმა ბათუმის ერთ-ერთ კლუბში მყოფი თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქეებისგან, გაწეული მომსახურების სანაცვლოდ, შეუსაბამოდ დიდი თანხა მოითხოვეს; უარის მიღების შემდეგ მათ თავისუფლება უკანონოდ აღუკვეთეს და ფიზიკური ანგარიშსწორების მუქარით, 2600 ლირა, 3040 ლირა, 7 172 ლარი და 1489 დოლარი გამოსძალეს.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 181-ე, 178-ე და 143-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს დიდი ოდენობით ქონების მიღების მიზნით ორგანიზებული ჯგუფის მიერ ჩადენილ გამოძალვას; წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, ძალადობით ან ძალადობის მუქარით ჩადენილ ძარცვის ფაქტს, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია; გარდა ამისა, სხვა დანაშაულის დაფარვის ან მისი ჩადენის გაადვილების მიზნით, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ თავისუფლების უკანონო აღკვეთას.