თბილისი, 27 იანვარი — Sputnik. „ვიტესის“ ცენტრალურმა მცველმა და კაპიტანმა გურამ კაშიამ „ფეიენოორდის“ კარში ორიდან ერთი გოლი გაიტანა და საკუთარი გუნდი ჰოლანდიის თასის ნახევარფინალში გაიყვანა.
საქართველოს ნაკრების მცველმა გოლი 55-ე წუთზე გაიტანა.
ეს გოლი კაშიასთვის ამ სეზონზე „ვიტესის“ შემადგენლობაში გატანილი პირველი გოლი გახდა.
ექვსი წუთის შემდეგ „ფეიენორდის“კარში მეორე გოლი ტიგადუინიმ გაიტანა და შეხვედრა საბოლოო ანგარიშით 2:0 დასრულდა.
„თამაში მძიმე და დაძაბული იყო. მეტოქის მხრიდან უდიდეს ზეწოლას ვგრძნობდით, მაგრამ გავუძელით. ვფიქრობ, ჩვენმა ფანებმა ეს გამარჯვება დაიმსახურეს“, — განაცხადა მატჩის შემდეგ კაშიამ „ვიტესის“ ოფიციალური ვებ-გვერდისთვის მიცემულ ინტერვიუში.
ფინალში გასასვლელად „ვიტესი“ როტერდამის „სპარტას“ შეეჯიბრება. თამაში 1 მარტს ჩატარდება.
უკანასკნელად „ვიტესმა“ ეროვნული თასის ნახევარფინალში 2001 წელს ითამაშა. მაშინ კლუბმა „ტვენტესთან“ წააგო მინიმალური ანგარიშით 0:1.
„ვიტესი“ მთელი თავისი ისტორიის განმავლობაში ტურნირის ფინალში სამჯერ გავიდა (1912, 1927 და 1990 წლებში), თუმცა, მოგება ვერც ერთხელ ვერ შეძლო.