თბილისი, 26 იანვარი — Sputnik. პარლამენტში საქართველოს პრეზიდენტის ყოველწლიური გამოსვლა დაგეგმილზე უფრო მოგვიანებით, მიმდინარე წლის მარტში გაიმართება, განაცხადა პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა ანა დოლიძემ.
მანამდე არსებული ინფორმაციით, სახელმწიფოს მეთაური პარლამენტში დეპუტატების წინაშე სიტყვით 7 თებერვალს, პარლამენტის საგაზაფხულო სესიის გახსნის შემდეგ უნდა გამოსულიყო.
„გამომდინარე იქიდან, რომ საქართველოს პრეზიდენტს სულ ახლახან ჰქონდა მიმართვა ახლად არჩეული პარლამენტისადმი, ჩვენი დღის წესრიგიდან გამომდინარე, კონსულტაციები გავმართეთ საქართველოს პარლამენტთან და შევჯერდით, რომ უპრიანი იქნებოდა პრეზიდენტის გამოსვლა ყოფილიყო მოგვიანებით, გაზაფხულზე, სავარაუდოდ, მარტში“, — განაცხადა დოლიძემ.
მისი თქმით, სახელმწიფოს მეთაური თავისი საპარლამენტო გამოსვლისას შეეხება მოსახლეობისთვის ყველა აქტუალურ საკითხს, რომელსაც პარლამენტმა ყურადღება უნდა მიაქციოს.
საქართველოს პრეზიდენტსა და მმართველ პარტია „ქართული ოცნება — დემოკრატიულ საქართველოს“ შორის დიდი ხანია დაძაბული ურთიერთობაა.
ურთიერთობები ბოლოს მას შემდეგ დაიძაბა, რაც პარლამენტის ახალმა თავჯდომარემ ირაკლი კობახიძემ და მმართველმა პარტიამ მარგველაშვილს სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის თანათავმჯდომარეობაზე უარი უთხრეს და მხოლოდ მისი ადმინისტრაციის წარმომადგენელი მიიწვიეს.
პრეზიდენტის ადმინისტრაცია ბოიკოტს უცხადებს კომისიის მუშაობას, რომელიც, საქართველოს კონსტიტუციაში შესატან სხვა დანარჩენ შესწორებასთან ერთად, პრეზიდენტის პირდაპირი არჩევის წესის გაუქმების საკითხის განხილვას აპირებს. მომდევნო საპრეზიდენტო არჩევნები საქართველოში 2018 წლის შემოდგომაზე უნდა ჩატარდეს.