თბილისი, 26 იანვარი — Sputnik. საქართველოს ნაკრებმა ფუტსალში შოტლანდიის გუნდს თბილისში გამანადგურებელი ანგარიშით — 11:0 მოუგო. მატჩი 2018 წლის ევროპის ჩემპიონატის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის ფარგლებში ჩატარდა.
შეხვედრის საუკეთესო ბომბარდირი გახდა არჩილ სებისკვერაძე — მან ბრიტანელების კარში ოთხი გოლი გაიტანა. დუბლი გაიფორმეს გიორგი ტიკურიშვილმა და დავით ბობოხიძემ. თითო-თითო გოლი გაიტანეს გიორგი ნიშნიანიძემ და შოთა თოფურიამ. კიდევ ერთი გოლი შოტლანდიელებმა საკუთარ კარში თავად გაიტანეს.
А ჯგუფის მეორე მატჩში შვეიცარიის ნაკრებმა ისრაელის გუნდს 3:0 სძლია.
სწორედ შვეიცარიელებს მოუწევთ ქართველ ფეხბურთელებთან შეხვედრა დასკვნით ტურში. იმისთვის, რომ ევროპის ჩემპიონატის მეორე შესარჩევ რაუნდში გავიდეს, ავთო ასათიანის გუნდს ფრეც აკმაყოფილებს.
ეს შეხვედრა 27 იანვარს „ოლიმპიური სოფლის“ არენაზე გაიმართება. თამაში 20:00 საათზე დაიწყება.
პირველ საკვალიფიკაციო რაუნდში შვიდ ჯგუფად დაყოფილი 26 ევროპული ნაკრები მონაწილეობს (ხუთ ჯგუფში ოთხ-ოთხი გუნდია, ორში — სამ-სამი). მეორე შესარჩევ რაუნდში თითოეული ჯგუფის გამარჯვებული გადავა.
ფუტსალში ევროპის 2018 წლის ჩემპიონატის ფინალური ნაწილი სლოვენიაში 30 იანვრიდან 10 თებერვლის ჩათვლით გაიმართება.