თბილისი, 25 იანვარი — Sputnik. საქართველოს ნაკრებმა ფუტსალში ევროპის 2018 წლის ჩემპიონატის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის სასტარტო მატჩში ისრაელის გუნდს სძლია ანგარიშით 3:0.
შეხვედრა, რომელიც „ოლიმპიური სოფლის“ არენაზე გაიმართა, მასპინძლების უპირატესობით წარიმართა. თუმცა ანგარიშის გახსნა ქართველმა ფეხბურთელებმა მხოლოდ პირველი ტაიმის დასასრულს შეძლეს. გოლის ავტორი შოთა თოფურია გახდა.
მატჩის მეორე ნახევარიც მსგავსი სცენარით განვითარდა იმ განსხვავებით, რომ მასპინძლებმა ორჯერ გამოიჩინეს თავი — ჯერ კახაბერ მაისაიამ, ხოლო შემდეგ ზვიად კუპატაძემ.
А ჯგუფის მეორე მატჩში შოტლანდიამ შვეიცარიას 2:0 სძლია.
სამშაბათს, 25 იანვარს საქართველოს ნაკრები შოტლანდიას დაუპირისპირდება. შეხვედრა 20:00 საათზე დაიწყება, მანამდე კი, 17:30 საათზე ერთმანეთს შვეიცარია და ისრაელი შეხვდებიან.
პირველ საკვალიფიკაციო რაუნდში შვიდ ჯგუფად დაყოფილი 26 ევროპული ნაკრები მონაწილეობს (ხუთ ჯგუფში ოთხ-ოთხი გუნდია, ორში — სამ-სამი). მეორე შესარჩევ რაუნდში თითოეული ჯგუფის გამარჯვებული გადავა.
ფუტსალში ევროპის 2018 წლის ჩემპიონატის ფინალური ნაწილი სლოვენიაში 30 იანვრიდან 10 თებერვლის ჩათვლით გაიმართება.