თბილისი, 26 იანვარი — Sputnik. როკფელერის ფონდი თბილისის მერიას გრანტს გამოუყოფს, ინოვაციური თანამდებობის — მედეგობის საკითხებში მრჩევლის პოსტის შესაქმნელად. ამის შესახებ თბილისის საკრებულოს პირველ სამუშაო შეხვედრაზე გახდა ცნობილი, რომელშიც მონაწილეობდნენ თბილისის მერი დავით ნარმანია, მედეგობის მთავარი მრჩევლები ბარსელონადან, ბრისტოლიდან და პარიზიდან; ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების, კვლევითი და სამეცნიერო დაწესებულებების, ასევე, კერძო სექტორის წარმომადგენლები.
შეხვედრა როკფელერის ფონდის მიერ შექმნილი „100 მედეგი ქალაქის“ პროექტის ფარგლებში ჩატარდა, რომელსაც თბილისი 2016 წელს შეუერთდა.
„თბილისი აღმოსავლეთ ევროპასა და პოსტსაბჭოთა სივრცეში არის ერთადერთი ქალაქი, რომელიც ამ ქსელში ჩაერთო. პროექტის ფარგლებში, თბილისი როგორც ფინანსურ დახმარებას, ასევე საექსპერტო მომსახურებას მიიღებს, რათა ჩვენი ქალაქი გახდეს უფრო მეტად მედეგი, შოკების და რისკების რეაგირება კი იყოს უფრო ოპერატიული. ამ თვალსაზრისით, ჩვენ ძალიან ბევრი წამყვანი ქალაქების გამოცდილებას შევისწავლით, ექსპერტები კი დაგვეხმარებიან იმაში, რომ ჩვენს ქალაქს ჰქონდეს შესაბამისი სტრატეგია და ფუნქცია- მოვალეობები“ —განაცხადა დავით ნარმანიამ.
„100 მედეგი ქალაქი“ ითვალისწინებს ქალაქების მედეგობას სტიქიებთან ბრძოლისა და სირთულეების დროული დაძლევის თვალსაზრისით, რომელთა შორისაა, უმუშევრობის მაღალი დონე, არაეფექტური სატრანსპორტო სისტემა, ენდემური ძალადობა და ა.შ.
თბილისი, როგორც „100 მედეგი ქალაქის“ ქსელის მონაწილე, მიიღებს ტექნიკურ დახმარებასა და საჭირო რესურსებს, რათა მომავალი წლების განმავლობაში, შექმნას და განახორციელოს მედეგობის სტრატეგია.
ქსელში ჩართული ყოველი ქალაქი მიიღებს ფინანსურ და მატერიალურ-ტექნიკურ მხარდაჭერას, რათა ქალაქის მთავრობაში შეიქმნას ახალი, ინოვაციური თანამდებობა –მრჩეველი მედეგობის საკითხებში, რომელიც მედეგობისაკენ მიმართული ქალაქის ქმედებებს ჩაუდგება სათავეში; მედეგობის მძლავრი სტრატეგიის შესაქმნელად გამოიყოფა ტექნიკური დახმარება; პროექტში მონაწილე ქალაქებს ექნებათ წვდომა გადაწყვეტილებებზე, მომსახურების მომწოდებლებზე და კერძო, საჯარო და არასამთავრობო სექტორში მოღვაწე პარტნიორებზე, რომლებსაც შეუძლიათ, თავიანთი მედეგობის სტრატეგიების განხორციელება; აგრეთვე მონაწილე ქალაქები გახდებიან გლობალური ქსელის წევრები, რაც ერთმანეთისგან სწავლის საშუალებას იძლევა.
„100 მედეგი ქალაქი როკფელერის ფონდის მიერ დაფუძნდა. ეს არის საგრანტო პროგრამა, რომელიც, მსოფლიოს მასშტაბით, ხელს უწყობს ქალაქების მედეგობის გაძლიერებას ფიზიკური, სოციალური და ეკონომიკური გამოწვევების წინაშე.