კიევის სასამართლომ ცერცვაძე პატიმრობაში დატოვა

© Pixabay / succoმართლმსაჯულება
მართლმსაჯულება - Sputnik საქართველო
გამოწერა
კიევის სააპელაციო სასამართლომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეცრაზმის ყოფილი ხელმძღვანელის, ვიცე-პოლკოვნიკ გიორგი ცერცვაძის წინასწარი პატიმრობიდან გათავისუფლებაზე უარი თქვა, რადგან საქალაქო სასამართლოდან უწყებაში დროულად ვერ მიიღეს საჭირო დოკუმენტაცია.

თბილისი, 26 იანვარი — Sputnik. კიევის სააპელაციო სასამართლომ რუსეთის მოთხოვნის საფუძველზე უკრაინაში დაკავებული საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეცრაზმის ყოფილი ხელმძღვანელის, ვიცე-პოლკოვნიკ გიორგი ცერცვაძის ადვოკატის საჩივარი არ დააკმაყოფილა, იუწყება ტელეკომპანია „რუსთავი 2“.

მოსამართლეთა კოლეგიამ საკუთარი გადაწყვეტილება იმით ახსნა, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სააპელაციოში შესაბამისი დოკუმენტაცია დაგვიანებით გადაგზავნა. ცერცვაძე სასამართლო დარბაზში არ იმყოფებოდა.

შემდეგი სასამართლო სხდომა კიევის სააპელაციო სასამართლოში 3 თებერვალს გაიმართება.

ინტერპოლის მიერ ძებნილი გიორგი ცერცვაძე 2017 წლის 15 იანვარს კიევის „ჟულიანის“ აეროპორტში რუსეთის მოთხოვნის საფუძველზე დააკავეს. მას ქალაქ სოჭში 2003 წელს მომხდარ განზრახ მკვლელობასა და მკვლელობის მცდელობაში ედება ბრალი. კიევის სასამართლოს გადაწყვეტილებით მას 40-დღიანი პატიმრობა შეეფარდა.

ცერცვაძის დაპატიმრების შემდეგ ცნობილი გახდა, რომ ის 1992-1993 წლებში აფხაზეთის ომის, 2008 წლის აგვისტოს ომისა და აღმოსავლეთ უკრაინაში მიმდინარე საომარი მოქმედებების მონაწილე იყო.

ხელბორკილები - Sputnik საქართველო
კვირიკაშვილმა კიევში დაკავებული ცერცვაძის საკითხზე კომენტარი გააკეთა

მას შემდეგ, რაც უკრაინის პროკურატურამ მიიღო დადასტურება იმისა, რომ ცერცვაძე უკრაინის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში საომარ მოქმედებებში მონაწილეობას ნამდვილად იღებდა, მან სასამართლოში პატიმრობიდან მისი გათავისუფლების შუამდგომლობის შეტანა გადაწყვიტა.

„24 იანვარს პირადად ვესაუბრე უკრაინის შეიარაღებულ ძალებში მყოფი ქართული ლეგიონის სამხედროებს, საქართველოს გენერალურ პროკურორ ირაკლი შოთაძეს და ქართული ოპოზიციის წარმომადგენელ გივი თარგამაძეს. მათი მხრიდან მომართვამ, ასევე საერთაშორისო კონვენციების დებულებათა ანალიზმა მოგვცა საფუძველი იმისა, რომ გია ცერცვაძე გათავისუფლდეს პატიმრობიდან არა მხოლოდ საექსტრადიციო შემოწმების პერიოდში, არამედ სამომავლოდაც უარი ეთქვას რუსეთის ფედერაციას ამ ადამიანის გადაცემაში“, — წერს Facebook-ის გვერდზე უკრაინის გენერალური პროკურორი იური ლუცენკო.

ცერცვაძის დაკავების საკითხით საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ყოფილი თანამოაზრეები დაინტერესდნენ. ოპოზიციონერებმა საქართველოს ხელისუფლებას უმოქმედობაში, უფრო მეტიც, რუსეთისთვის ქართველი სამხედრო მოსამსახურის პირადი მონაცემების გადაცემაში დასდეს ბრალი. მათი თქმით, როდესაც ცერცვაძე ქვეყანას ტოვებდა, ხელისუფლებამ არ ის გააფრთხილა, რომ ინტერპოლს მასზე ძებნა ჰქონდა გამოცხადებული.

მოგვიანებით საქართველოს მთავარმა პროკურატურამ, ასევე პრემიერ–მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადეს, რომ უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენლებთან მუდმივი კავშირი აქვთ და ცერცვაძის რუსეთში ექსტრადიციას არ დაუშვებენ.

ყველა ახალი ამბავი
0