თბილისი, 26 იანვარი — Sputnik. საქართველოს საბაჟო თანამედროვე და მაღალტექნოლოგიური მომსახურებით გამოირჩევა, განაცხადა პირველმა ვიცე-პრემიერმა, საქართველოს ფინანსთა მინსტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა საბაჟოს დღისადმი მიძღვნილ კონფერენციაზე.
„საქართველოში მხოლოდ 15 წუთშია შესაძლებელი განაბაჟოთ საქონელი და კიდევ უფრო მარტივია განახორციელოთ ექსპორტის პროცედურები. ძალიან მარტივად ხდება ტრანზიტზე მიმავალი ტვირთების გატარება. როდესაც ჩვენ ბიზნესის კეთების სიმარტივის რეიტინგზე ვლაპარაკობთ, მისი ერთ-ერთი მთავარი კომპონენტი არის ვაჭრობა და სწორედ ამ კომპონენტზე აისახება თქვენი ღვაწლი”, — მიმართა მებაჟეებს დიმიტრი ქუმსიშვილმა.
მისი თქმით, „არაერთი კვლევითაა დადასტურებული, რომ ჩვენ, პრაქტულად, არ გაგვაჩნია კორუფცია“.
„როდესაც ვამაყობთ ჩვენი ქვეყნის საინვესტიციო გარემოთი, ვამბობთ, რომ ვართ სატრანზიტო ქვეყანა, ამ მიმართულებით თქვენი როლი უმნიშვნელოვანესია“, — აღნიშნა ქუმსიშვილმა.
მან ყურადღება გაამახვილა საერთაშორისო თანამშრომლობაზე რეგიონის ქვეყნებთან.
„როდესაც საერთაშორისო ვაჭრობაზე ვსაუბრობთ, ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანია ინფორმაციის ავტომატიზებული გაცვლა, რაშიც მნიშვნელოვანი ნაბიჯები გვაქვს გადადგმული ჩვენ მეგობარ ქვეყნებთან, რაც შესაძლებლობას აძლევს ჩვენს სახელმწიფოებს, ერთი მხრივ, უკეთესად მოახდინონ საზღვარზე მოძრავი საქონლისა და ტვირთის ადმინისტრირება, მეორე მხრივ კი შეამცირონ კერძო სექტორის დანახარჯები ვაჭრობაში“, — განაცხადა მინისტრმა.
მებაჟეებს პროფესიული დღე მიულოცეს აზერბაიჯანის, უკრაინის, თურქეთის, იტალიისა და მოლდოვას საბაჟო ადმინისტრაციების ხელმღვანელებმა.
კონფერენციის ფარგლებში საქართველოსა და იტალიის რესპუბლიკებს შორის ჩარჩო–ფორმატის მემორანდუმიც გაფორმდა.
წელს საბაჟოს საერთაშორისო დღე მსოფლიო მასშტაბით აღინიშნა საერთო სლოგანით — „მონაცემთა ანალიზი საზღვრის ეფექტიანი მართვისათვის“.