თბილისი, 26 იანვარი — Sputnik. ქართულმა ნავთობკომპანიებმა იმაზე გაცილებით მეტად გაზარდეს საწვავის ფასი, ვიდრე ამას აქციზის გადასახადი და სხვა ფუნდამენტური ფაქტორები განაპირობებენ, განაცხადა „ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის“ ანალიტიკოსმა პაატა ბაირახტარმა.
"ბიზნესის არსიც ისაა, რომ მოგება ნახოს, მაგრამ როცა ქვეყანაში გვაქვს რთული სოციალური სიტუაცია, კომპანიებმაც უნდა იგრძნონ სოციალური პასუხისმგებლობა და სიტუაციით ბოროტად არ ისარგებლონ“, – აღნიშნა პაატა ბაირახტარმა.
ანალიტიკოსის გაანგარიშებით, 2016 წლის დეკემბრიდან დღემდე საწვავის ფასი ქვეყანაში 18.26%-ით არის გაზრდილი, მაშინ, როდესაც ნავთობპროდუქტებზე აქციზის განაკვეთმა მიმდინარე წლის 1 იანვრიდან 15%-ით მოიმატა. შედეგად, ერთი ლიტრი „პრემიუმის“ ტიპის საწვავის ღირებულება ზოგან 2.19 ლარსაც კი აღწევს.
„არსებული ფასის მთავარ განმაპირობებელ ფაქტორად აქციზის გადასახადის გაზრდა სახელდება. მაგრამ თუ გადავხედავთ ძირითად ფაქტორებს, ნათლად ჩანს, რომ კომპანიებმა იმაზე გაცილებით მეტად გაზარდეს საწვავის ფასი, ვიდერე ამას აქციზის გადასახადი და სხვა ფუნდამენტური ფაქტორები განაპირობებს“, – განაცხადა პაატა ბაირახტარმა
მისი თქმით, ბოლო 2 თვის მანძილზე ბაზარზე ფასების ზრდას რამდენიმე ფუნდამენტური მიზეზი ჰქონდა, კერძოდ: მსოფლიო ბირჟებზე ნავთობის ფასის მატება, ეროვნული ვალუტის დევალვაცია და ნავთობპროდუქტებზე აქციზის გადასახადის გაზრდა.
„2016 წლის დეკემბერში მსოფლიო ბაზარზე მცირედით მართლაც გაიზარდა ნავთობის ფასი და მან ბარელზე 58 დოლარს მიაღწია, რისი მიზეზიც „ოპეკის“ 10 დეკემბრის გადაწყვეტილება გახდა, რომლის მიხედვითაც „ოპეკის“ წევრი ქვეყნები მოპოვების შემცირებაზე კიდევ ერთხელ შეთანხმდნენ. ამ პერიოდისთვის ქართულმა ნავთობიმპორტიორმა კომპანიებმა წინასწარ საშუალოდ 5 თეთრით გაზარდეს ერთი ლიტრი ბენზინის ფასი (ლარის კურსი დროის ამ მონაკვეთში 2.58 იყო). ამის შემდეგ ეროვნულმა ვალუტამ დევალვაცია განიცადა და კომპანიებმა კიდევ 5 თეთრით გაზარდეს საწვავის ღირებულება“, — განაცხადა ბაირახტარმა.
ანალიტიკოსის თქმით, კიდევ ერთი პრევენციული ქმედება ნავთობპროდუქტების იმპორტიორმა კომპანიებმა 2016 წლის დეკემბრის მიწურულს მოახდინეს, როდესაც საწვავის ფასზე მოქმედი ყველა ძირითადი პარამეტრის უცვლელობის პერიოდში საწვავის ფასი კიდევ ერთხელ გაზარდეს 5 თეთრით.
პაატა ბაირახატრი მიიჩნევს, რომ კომპანიებმა ამ ქმედებით აქციზის გადასახადის მოსალოდნელი ზრდა გამოიყენეს მოგების კიდევ უფრო გასაზრდელად და აქციზის გადასახადის მარჟა წინასწარ ჩადეს საწვავის ფასში.
„დღეს ნავთობკომპანიები უსამართლოდ გაბერილი ტარიფებით ოპერირებენ, რასაც სახელმწიფო ვერაფერს უპირისპირებს და ზიანდება ისედაც რთულ ეკონომიკურ მდგომარეობაში ჩავარდნილი მომხმარებელი“, – დასძინა ანალიტიკოსმა.