თბილისი, 26 იანვარი — Sputnik. ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ ტუნაძეების საჯარო სკოლაში პედაგოგებს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა, იუწყება „აჭარის ტელევიზია".
როგორც დაზარალებულმა პედაგოგმა გოჩა ხარაბაძემ განაცხადა, იგი პირველ კლასში გაკვეთილს ატარებდა, როდესაც საქმის მწარმოებელი ინეზა ხარაბაძე თავს დაესხა და თავში ხელკეტი ჩარტყა.
„პირველ კლასში ვატარებდი გაკვეთილს, როცა ინეზა ხარაბაძე კაბინეტში შემოვარდა ხელკეტით და თავში ჩამარტყა. გონება არ დამიკარგავს, მაგრამ წავიქეცი“, — ამბობს დაზარალებული პედაგოგი.
ინეზა ხარაბაძემ გოჩა ხარაბაძის გარდა კიდევ ოთხი კოლეგა სცემა, რომლებიც ვითარების განეიტრალებას ცდილობდნენ. დაზარალებულები ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ბიუროში არიან გადაყვანილი. მიმდინარეობს სპეციალური მოკვლევა.
ინცინდენტის შესახებ, გოჩა ხარაბაძის გარდა, სხვა პედაგოგები არ საუბრობენ.
ჩხუბის მოტივი უცნობია, თუმცა, გოჩა ხარაბაძის ვარაუდით, საქმის მწარმოებლის გაღიზიანება ავადმყოფობის შემდეგ სკოლაში მისმა დაბრუნებამ გამოწვია.
როგორც აჭარის განათლების, კულტურიას და სპორტის სამინისტროში განმარტეს, აღნიშნულ ფაქტზე კონკრეტული გადაწყვეტილების მიღება სკოლის პრეროგატივაა.
„გადაწყვეტილება სკოლამ უნდა მიიღოს. ეს განათლების სამინისტროს არ ეხება… სავარაუდოდ, საკითხი ხვალამდე გადაწყდება“, — განაცხადა სამინისტროს პრეს-სამსახურის თანამშრომელმა.
როგორც „sputnik–საქართველოს“ შსს-ს პრეს-სამსახურში განუცხადეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც ძალადობას გულისხმობს და ითვალისწინებს ჯარიმას, ან საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომას ვადით 120-დან 180 საათამდე, ან ერთ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას.