თბილისი, 26 იანვარი — Sputnik. ვენეციელი კომპოზიტორისა და მევიოლინის ტომაზო ჯოვანი ალბინონის ცნობილი ნაწარმოები „ადაჟიო“ და ავსტრიელი კომპოზიტორის ანტონ ბრუკნერის ერთ–ერთი შედევრი Te Deum გაიჟღერებს ჯანსუღ კახიძის სახელობის მუსიკალურ–კულტურულ ცენტრში სიმფონიური მუსიკის კონცერტზე 28 იანვარს.
ალბინონის „ადაჟიოს“ ორგანისა და სიმებიანი საკრავებისთვის თბილისის სიმფონიური ორკესტრი და ორგანისტი ალექსანდრე ვასაძე შეასრულებენ, ხოლო ბრუკნერის Te Deum-ს — სოლისტები, გუნდი და ორკესტრი.
კონცერტში მონაწილეობას მიიღებენ საქართველოს სახელმწიფო საგუნდო კაპელა და ახალგაზრდა ქართველი შემსრულებლები: ნათია მელქაძე (სოპრანო), ქეთევან ხომერიკი (მეცო-სოპრანო), ბაჩანა წირქვაძე (ტენორი) და ზურაბ ჯაფარიძე (ბანი). კონცერტს ვადიმ შუბლაძე უდირიჟორებს.
კონცერტის პროგრამაშია ასევე ქართველი კომპოზიტორის გურამ ბზვანელის ნაწარმოებები. მის ქმნილებებს შორისაა თხზულებები ორკესტრის, ფორტეპიანოსა და ვიოლინოსთვის, პიესები, საესტრადო სიმღერები, მუსიკა სპექტაკლებისა და ფილმებისთვის.
საღამოზე შესრულდება ბზვანელის „სიმფონია-რეკვიემი“ და „ოთხი ქართული ჩანახატი“.
ალბინონის ცნობილი „ადაჟიო“ 1958 წელს ალბინონის პირველმა ბიოგრაფმა რემო ჯაძოტომ გამოაქვეყნა, რომელიც ამტკიცებდა, რომ ეს ნაწარმოები 1945 წელს მის მიერვე ნაპოვნი ალბინონის მცირე ფრაგმენტის საფუძველზე რეკონსტრუირების საფუძველზე შექმნა. „ადაჟიო“ სოლ–მინორი ძალზე პოპულარული გახდა და ის ხშირად ჟღერს კინოფილმებში, ტელეპროგრამებსა და სარეკლამო რგოლებში, ასევე სამგლოვიარო ცერემონიების დროს, და ისევე პოპულარულია, როგორც შოპენის „სამგლოვიარო მარში“ და გრიგის „ოზეს სიკვდილი“.
Te Deum (ლათინურიდან Te Deum laudamus „შენ, ღმერთო, გადიდებთ“) — ქრისტიანული ჰიმნია. საეკლესიო გადმოცემით, ჰიმნის ტექსტი IV საუკუნის ბოლოს წმინდა ამბროსი მედიოლანელმა (მილანელმა) დაწერა. მართლმადიდებლურ წირვაში ეს ტექსტი ცნობილია, როგორც „შენ ღმერთს გაქებთ და შენ უფალს აღგიარებთ“. ბრუკნერის გარდა, ჰიმნის ტექსტზე მუსიკა შექმნეს სველინკმა, ლულიმ, შარპანტიემ, ჰენდელმა, ჰაიდნმა, სალიერიმ, მოცარტმა, ბერლიოზმა, დვორჟაკმა, ვერდიმ, სტრავინსკიმ, პენდერეცკიმ.