თბილისი, 25 იანვარი — Sputnik. სახელმწიფოსგან ყოველთვიური ფულადი დახმარება მხოლოდ და მხოლოდ შეჭირვებულმა იძულებით გადაადგილებულმა პირებმა უნდა მიიღონ, განაცხადა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრმა სოზარ სუბარმა.
სუბარმა აღნიშნა, რომ მისი უწყება იძულებით გადაადგილებულ პირთათვის შემწეობების გაცემის შეცვლის საკითხზე მუშაობს, თუმცა საბოლოო გადაწყვეტილება ჯერჯერობით მიღებული არ არის. ყოველთვიური შემწეობის ოდენობა 45 ლარია. მას ის იძულებით გადაადგილებული პირები იღებენ, რომელთა შემოსავალი თვეში 1250 ლარს არ აღემატება.
„ჩვენ გვინდა გავაკეთოთ გარკვეული დიფერენცირება, რომ დევნილთა შემწეობები იყოს ორიენტირებული იმ დევნილებზე, რომლებსაც მართლა სჭირდებათ დახმარება, რომლებიც მართლა სოციალურად გაჭირვებულები არიან და არა იმ ადამიანებზე, რომლებსაც აქვთ მაღალი თანამდებობები, კარგი ხელფასი“, – განაცხადა სოზარ სუბარმა ტელეარხ „რუსთავი 2“-ის ეთერში.
დაზოგილი თანხები შეჭირვებულთა დასახმარებლად უნდა იქნას გამოყენებული, აღნიშნა მინისტრმა.
„ეს იქნება დახმარება, რათა მათ გაუჩნდეთ შემოსავლის წყარო, ბიზნესის დაფინანსება, მშენებლობის გაორმაგება და გასამმაგება. ამ გზით მშენებლობის სერიოზულად გაზრდის შანსი გვექნება“, — ხაზი გაუსვა სუბარმა.
მინისტრის კომენტარმა იძულებით გადაადგილებულ პირთა ნაწილის უკმაყოფილება გამოიწვია. სამინისტროს „ფეისბუქ-გვერდზე“ აღშფოთებული მოქალაქეების კომენტარებზე საპასუხოდ უწყებამ აღნიშნა, რომ ჯერჯერობით გადაწყვეტილება მიღებული არ არის.
„ჯერ გადაწყვეტილი არაფერი არ არის. მიმდინარეობს რეფორმაზე მუშაობა. დახმარება ყველა ოჯახს არ უწყდება. ეს ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება. სიახლეების შესახებ ინფორმაციას პირველ რიგში აუცილებლად სამინისტრო გავრცელებს“, — ნათქვამია უწყების პასუხში.
ამჟამად საქართველოში აფხაზეთიდან და ცხინვალის რეგიონიდან იძულებით გადაადგილებული 267 ათასი პირი ცხოვრობს. სახელმწიფო ასეთ ოჯახებს საცხოვრისით ეტაპობრივად უზრუნველყოფს ან შესაბამის კომპენსაციას აძლევს. გარდა ამისა, იძულებით გადაადგილებული პირები საქართველოში სხვადასხვა შეღავათებით სარგებლობენ.
ბოლო ოთხი წლის განმავლობაში საცხოვრებელი ფართი 13 749 დევნილმა ოჯახმა მიიღო.