თბილისი 30 დეკემბერი – Sputnik. სამართალდამცველებმა თაღლითობის ბრალდებით ზუგდიდში 50 წლის ქალბატონი დააკავეს, ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს პრეს-სამსახურის განცხადებაში.
გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულმა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიიდან იძულებით გადაადგილებულ პირს განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროდან ბინის მიღებაში დახმარების სანაცვლოდ თაღლითურად გამოართვა 2500 ლარი.
დაკავებულმა, რომელსაც უკვე აქვს ერთი ნასამართლეობა, დანაშაული აღიარა.
გამოძიება დიდი ოდენობით თაღლითობის ფაქტზე მიმდინარეობს, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია (საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით) და 4-დან 7-წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
იძულებით გადაადგილებული პირები არაერთხელ გამხდარან საცხოვრებელ ფართთან დაკავშირებით თაღლითობის მსხვერპლი.
ბოლო ასეთი შემთხვევა ნოემბრის თვეში მოხდა. მაშინ საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ვინმე ლაშა შ.-ს დაკავების შესახებ განაცხადა, რომელიც ოქტომბრის თვეში აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირს დაუკავშირდა და მას 6 ათასი აშშ დოლარის სანაცვლოდ დახმარება აღუთქვა.
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრომ მოქალაქეები არაერთხელ გააფრთხილა, რომ თაღლითებთან არ დაიჭირონ საქმე და ინფორმაცია სამართალდამცველებს მიაწოდონ.
უწყებაში ასევე აღნიშნავენ, რომ იძულებით გადაადგილებულ პირებს ბინები უსასყიდლოდ გადაეცემათ. ბინების განაწილებით სპეციალური კომისიაა დაკავებული.
საცხოვრებელი ფართის დაკანონების ან ახალი ბინის მისაღებად აფხაზეთიდან და ცხინვალის რეგიონიდან იძულებით გადაადგილებულმა პირებმა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს უნდა მიმართონ.
საქართველოში იძულებით გადაადგილებული პირების საცხოვრებლით უზრუნველყოფის ოთხი სახეობა მოქმედებს — სახელმწიფო ყიდულობს ბინებს დევნილებისთვის; აშენებს მათთვის მრავალბინიან სახლებს; თუ დევნილები ცხოვრობენ ფართში, რომელიც ადგილობრივი ხელისუფლების ან სახელმწიფოს ბალანსზეა, სახელმწიფო უკანონებს მათ ამ საცხოვრებელ ფართს; ხოლო თუ დევნილები კერძო საკუთრებაში არსებულ ფართში ცხოვრობენ, სახელმწიფო მფლობელებისგან ყიდულობს ამ ფართს და დევნილებს გადასცემს.
ამჟამად საქართველოში დაახლოებით 267 ათასი აფხაზეთიდან და ცხინვალის რეგიონიდან იძულებით გადაადგილებული პირი ცხოვრობს. 2012 წლის ოქტომბრიდან დღემდე ახალი ბინა 12 ათასზე მეტმა დევნილმა ოჯახმა მიიღო.