თბილისი, 25 იანვარი – Sputnik. საქართველოს სახალხო დამცველმა უჩა ნანუაშვილმა იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი შეურაცხყოფაში დაადანაშაულა და მისგან ევროსაბჭოს მიერ ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოში საქართველოს მთავრობის მიერ წარდგენილი მოსამართლეეებისთვის მხარდაჭერაზე უარის ფაქტთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადებისთვის ბოდიშის მოხდა მოითხოვა.
თეა წულუკიანმა ოთხშაბათს ოპოზიციური პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, სახალო დამცველი და ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე ზაზა ხატიაშვილი დაადანაშაულა იმაში, რომ მათ იმუშავეს იმაზე, რომ ევროსაბჭოს ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოში საქართველოდან წარდგენილი არცერთი მოსამართლის კანდიდატურა არ დაემტკიცებინათ.
„ვფიქრობ, ალბათ, ყველამ უნდა აიღოს პასუხისმგებლობა საკუთარ სიტყვებზე, უნდა წარმოადგინონ ამის დამადასტურებელი კონკრეტული ფაქტები, ან ბოდიში მოიხადონ“, — განაცხადა ნანუაშვილმა ჟურნალისტებთან.
ამასთან, ომბუდსმენმა როგორც აღნიშნა, ის ევროსაბჭოში სხვადასხვა საკითხებზე ბევრ შეხვედრას ატარებს და შენიშვნის შემთხვევაში, ამის შესახებ ყოველთვის ღიად საუბრობს.
„ნაცმოძრაობის“ წარმომადგენლებმა წულუკიანის სიტყვებს ბოდვა უწოდა და აღნიშნეს, რომ კანდიდატების შერჩევის პროცედურა ევროსასამართლოში მათზე დამოკიდებული არ არის.
„ამ პროცესის ადვოკატირება ხელისუფლების ვალდებულება იყო და აღმოჩნდა, რომ ჩვენ ხელისუფლებაზე დოკუმენტაციაზე ძლიერი აღმოვჩნდით, ხოლო მთელი ევროპის საბჭო ჩვენი გულშემატკივარი, მე ჩვენს პოლიტიკურ პარტიას ვგულისხმობ. ამიტომ, ეს ბოდვაა“, — განაცხადა „ნაცმოძრაობის“ ყოფილმა და ახლა უკვე „ევროპული საქართველოს“ წევრმა ირაკლი აბესაძემ.
ევროსაბჭომ ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოში საქართველოს მთავრობის მიერ წარდგენილი მოსამართლის არც ერთ კანდიდატს მხარი არ დაუჭირა. საქართველოდან წარდგენილი იყვნენ იუსტიციის მინისტრის მოადგილე ალექსანდრე ბარამიძე, ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს თანამშრომელი გიორგი ბადაშვილი და საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი ევა გოცირიძე. სწორედ ევა გოცირიძის კანდიდატურის წინააღმდეგი იყვნენ ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლები, სახალხო დამცველი და ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე.